არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები კვლავაც სათანადო რეაგირების გარეშე რჩება.

გასული წლის სექტემბრის თვეში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს, რომ არასათანადო მოპყრობა და მისი გამოძიება სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობდა როგორც სახალხო დამცველი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. გავრცელებული ვიდეო მასალა კი ამ სისტემური პრობლემის მხოლოდ ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოვითხოვეთ, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა, მათ შორის ვიდეო ფირებზე ასახულ ფაქტებზე, ჩატარებულიყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. გარდა ამისა, გაჩნდა იდეა, რომ გამოძიების მანდატი და პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ერთ კონკრეტულ საზოგადოებრივ პროკურორს, რომელიც ისარგებლებდა მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და რომელიც მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით მოახდენდა  წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებაზე  ფოკუსირებას; და ბოლოს, სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივ პროკურორთან შექმნილიყო შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენდა  პატიმრების გამოკითხვას, მტკიცებულებების შეგროვებას და მათ მიწოდებას საზოგადოებრივი პროკურორისთვის.

მიუხედავად მსგავსი  გამოძიებისადმი  უდიდესი საზოგადოებრივი ინტერესისა,  ამ მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები არ შეიმჩნევა. ციხეებში არ ფიქსირდება გამომძიებლების მიერ მსჯავრდებულთა აქტიური ინტერვიუირება ინფორმაციის შეგროვების მიზნით და დღემდე საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
 
წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საუბარია ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 32-ე წლიურ ანგარიშსა და ევროსაბჭოს თანამომხსენებელთა მაიკლ იენსენისა და ბორის ცილევიჩის საინფორმაციო ნოტაში.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ 2012 წლის სექტემბრის თვეში დაყენებული მოთხოვნები კვლავაც აქტუალურია. 
 
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიება წლების განმავლობაში წარმოადგენდა დაუსჯელობის წამახალისებელ ფაქტორს. თუმცა, ვინაიდან ეფექტური გამოძიება ამოსავალი წერტილია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან ბრძოლაში, იგი უნდა წარმოადგენდეს ხელისუფლების უპირველეს ამოცანას.
შესაბამისად,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოვლენისა და ეფექტური გამოძიებისთვის მოვითხოვთ: 
 
1) უმოკლეს ვადებში მიანიჭოთ სპეციალურ  ჯგუფს  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მანდატი;
2) უზრუნველყოთ შესაბამისი პროფესიონალებით - იურისტებით, ექიმებით და ფსიქოლოგებით დაკომპლექტებული საბჭოს ფორმირება, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოახდენს  პატიმრების გამოკითხვასა და  მტკიცებულებების  შეგროვებას;
3) საზოგადოების აქტიურ და რეგულარულ  ინფორმირებას წამებისა და არაადამიანური  მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
 
ასევე, მოვითხოვთ, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად.
 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 
საზოგადოებრივი დამცველი
ციხის საერთაშორისო რეფორმა
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ახალგაზრდები სამართლიანობისათვის - საქართველო
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი"
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge