არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ქობულეთში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ შეშფოთებას, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნასთან დაკავშირებით გამოვლენილი შეუწყნარებლობის ფაქტებზე. ამავდროულად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განახორციელოს დაუყოვნებელი და ეფექტური ღონისძიებები მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების, მათ შორის, რელიგიის თავისუფლებისა და განათლების უფლების აღსადგენად.
ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისთვის გახსნილ პანსიონს ფუნქციონირება 15 სექტემბერს უნდა დაეწყო. თუმცა, 10 სექტემბერს მომხდარი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი აქტის შემდეგ, პანსიონის ფუნქციონირება შეფერხებულია. ადგილობრივი მაცხოვრებლების ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც შემთხვევის ადგილზე მუდმივი მორიგეობა აქვს დაწესებული, პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხელოვნური ბარიერებით აქვს გადაკეტილი და პანსიონის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს გადაადგილებას უზღუდავს. ისინი ისლამოფობიურ და თურქოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმებს, პანსიონში შესვლის მსურველებს, ყოველ ჯერზე, ორგანიზებულად უღობავენ გზას და ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულებენ, უარი თქვან პანსიონში შესვლაზე. მუსლიმი თემის განმარტებით, პანსიონს გადაუკეტეს სასმელი წყალიც. ადგილზე მობილიზებული ჯგუფი აცხადებს, რომ ადგილობრივი ქრისტიანები არ დაუშვებენ პანსიონის გახსნას და ძალადობრივი დაპირისპირების რისკებზეც მიუთითებენ. დაპირისპირების ადგილას მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, პასიური დამკვირვებლის როლით შემოიფარგლება და არაფერს აკეთებს ადგილობრივი მაცხოვრებლების აშკარად უკანონო ქცევის აღსაკვეთად. ამ პირობებში, პანსიონში ჩარიცხული მოსწავლეები ქობულეთში მდებარე ძველი პანსიონის შენობაში მოათავსეს, რომელსაც ამ დროისთვის ორჯერ მეტი ბენეფიციარის მიიღება უწევს. შედეგად, ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ ცხოვრება.
პოლიციის მსგავსად, უმოქმედოა ქობულეთის მუნიციპალიტეტიც, რომელმაც თითქმის 2 თვის განმავლობაში არ უზრუნველყო პანსიონის კანალიზაციის სისტემასთან მიერთება. ის საკუთარ პასიურობას ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგობით ხსნის. ამ მხრივ ნიშანდობლივია, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები მედიაში, სადაც ის უმრავლესობის მიმართ ღია ლოიალობას ადასტურებს.
 

კონფლიქტის გადასაწყვეტად, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დასრულებულა. მუსლიმი თემის განმარტებით, ისინი არ აპირებენ პანსიონის გახსნაზე მოთხოვნის დათმობას, ხელისუფლება კი მათ მიუღებელ ალტერნატივებს სთავაზობს, რის გამოც, მოლაპარაკებებს შედეგები ჯერ არ მოჰყოლია.
ჩვენი შეფასებით, ქობულეთში გამოვლენილი რელიგიური ძალადობის აღკვეთის მიზნით, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა არაეფექტურია და იმსახურებს მწვავე კრიტიკას, შემდეგი მიზეზების გამო:

ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას მუსლიმ თემს და ხელისუფლებას უმცირესობების უფლებების დასაცავად ეფექტური და სამართლიანი პოლიტიკის გატარებას ვთხოვთ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge