არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებების გამო

 ჩვენ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძის ჰომოფობიური შეფასებები, რომელიც მან გაზეთ "ვერსიასთან" 9 მაისს მიცემულ ინტერვიუში  გააკეთა.

მინისტრის მიერ ლგბტ პირების "ავადმყოფებად" და "სექსუალური გადახრის" მქონე ადამიანებად მოხსენიება აღვივებს სიძულვილს ლგბტ თემის მიმართ და არ შეესაბამება განსხვავებული სექსუალური იდენტობის მქონე პირების მიმართ მედიცინასა და სამართალში საყოველთაოდ აღარებულ მიდგომებს, რაც ყველა ადამიანის უმაღლეს ფასეულებად აღიარებისა და მისი უფლებების დაცვის უნივერსალობის პრინციპს ეფუძნება. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მსგავსი რიტორიკის გამოყენება დაუშვებელია, რადგან ასეთი გზავნილები ხელს უწყობს განსხვავებული გენდერული იდენტობის ადამიანიების მიმართ საზოგადოებაში შეუწყნარებლობის ატმოსფეროს გაძლიერებასა და ლეგიტიმაციას, რისი ძალდობრივი და მასშტაბური გამოვლინებაც  2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. სამოქალაქო საზოგადოების მიერ ლგბტ პირთა უფლებების დაცვის პროცესის დაკნინება კი მინისტრის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის არასწორ გააზრებასა და ლგბტ პირთა მძიმე უფლებრივი მდგომარეობის არცოდნას აჩვენებს. 

 
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დავით დარახველიძემ თავის საჯარო გამოსვლებში ადამიანთა სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას მიმართა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს მის მიერ გაკეთებული რასისტული განცხადებების გამო სამოქალაქო სექტორმა მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის დავით დარახველიძის ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენასთან დაკავშირებით.  
მივმართავთ საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ადეკვატური რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ განცხადებაზე, რაც წინააღმდეგობაშია ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის   კონცეფციასთან.  ამ მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შეიმუშავოს  გრძელვადიანი ხედვა და განახორციელოს სათანადო ღონისძიებები მისი წევრების მიერ სიძულვილით მოტივირებული განცხადებების პრევენციის მიზნით. 
 
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, GYLA
მედიის განვითარების ფონდი, MDF
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, GDI
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, EMC
საქართველოს რეფორმების ასოციაცია, GRASS
იდეონტობა 
საფარი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრი, ECMI
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, TI
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ასოციაცია "ლგბტ საქართველო"
საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, GISS 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge