არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 20 ივნისს შსს-ში გამართული შეხვედრის შესახებ
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განვმარტოთ, თუ რა მიზეზებით განვაცხადეთ უარი გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ნახვაზე.
პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ გასული წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს. ადამიანის აბსოლუტური უფლებების შელახვა ყველაზე სასტიკ და დამამცირებელ ძალადობაში ვლინდებოდა. ბოლო პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ისევე როგორც პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებით საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად ხილული გახდა იმ ძალადობის სისასტიკე და მასშტაბი, რომელსაც სახელმწიფო ადამიანების მიმართ ახორციელებდა და რომელიც წლების განმავლობაში სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩებოდა. რიგ შემთხვევებში წამება და არაადამიანური მოპყრობა უმძიმესი დანაშაულების აღიარებისა თუ ადამიანთა პასუხისგებაში მიცემის საფუძველი ხდებოდა.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევები ყოველმხრივ გამოძიებასა და შესაბამისი პირების დასჯას მოითხოვს. ეს პროცესი მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენისა და საზოგადოების მიერ საკუთარი წარსულის გააზრებისთვის. წამების აკრძალვა jus cogens ნორმას წარმოადგენს და სახელმწიფომ ამგვარ ფაქტებზე რეაგირება კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოახდინოს.
თუმცა აღნიშნული ფაქტების/პრაქტიკის სათანადო გამოძიებისა და შემდგომში სასამართლო განხილვის მიზნით საჭიროა, რომ მოხდეს ამ პროცესის სამართლებრივ დისკურსში გადატანა, პროცესის რაციონალიზაცია და დანაშაულის მსხვერპლების ღირსებისა და პირადი ცხოვრების მკაცრი დაცვა. ცხადია, საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს სიმართლე ჩადენილი დანაშაულების შესახებ იმისთვის, რომ მოახდინოს მომხდარის სწორი გააზრება, თუმცა მნიშვნელოვანია ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს და ამ ინტერესის დაკმაყოფილება მართლმსაჯულების ფარგლებში მოხდეს. სხვაგვარი მიდგომა სამართლიანობის აღდგენის პროცესს მხოლოდ დააზარალებს და რაციონალურობას და ობიექტურობას დააკარგვინებს.
ამ მიზნებისთვის მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი შეხვედრა უფრო მეტად საქმიან ხასიათს მიიღებდა. ამ მიმართებით უმჯობესი იქნებოდა თუ სამინისტრო წარმოადგენდა დასაბუთებულ ანალიტიკურ ანგარიშს აღნიშნული ვიდეო კადრების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. საზოგადოებაში ისედაც არსებობდა ნდობა ამ კადრების ნამდვილობისა და მათში ასახული უმძიმესი დანაშაულების შესახებ, რაც მათ შორის დიპლომატიური კორპუსისთვის მათი ჩვენებით იქნა მიღწეული. საზოგადოებას 20 ივნისამდეც ჰქონდა ინფორმაცია მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების სისტემურობის შესახებ და მხოლოდ რამდენიმე ვიდეო კადრის ჩვენება (როგორც მოგვიანებით გაირკვა შეხვედრაზე 2 შემთხვევის ამსახველი ვიდეო მასალა იყო ნაჩვენები) ამ პრობლემის მთლიანი სურათის დასანახად ისედაც არასაკმარისი იქნებოდა. კონკრეტული ვიდეო კადრების ავთენტურობისა და დანაშაულებთან მათი კავშირის დადგენა კონკრეტული საქმეების გამოძიების პროცესში უნდა მოხდეს და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ობიექტურ, სამართლიან შეფასებას უნდა დაექვემდებაროს.
სამწუხაროდ, შეხვედრის დასაწყისში ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ განმარტა აღნიშნული ვიდეო კადრების ამ ფორმით ჩვენების მიზანი. ამასთან შეხვედრის ფორმატი შემუშავებული იყო იმგვარად, რომ ის არ იძლეოდა საქმიანი დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობას. შეხვედრის დაწყებამდე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ვიდეო კადრების ჩვენებამდე მინისტრი შეკრებილ საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას ვიდეო მასალაში ასახული კადრების ხასიათის, სიმძიმის, რაოდენობის, ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მდგომარეობის, კონკრეტული პირებისთვის წარდგენილი ბრალის, მათ მიმართ გამოყენებული სამართლებრივი ღონისძიებების, დანაშაულებებში მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. სამწუხაროდ, შეხვედრის მიზნებისა და ფორმატის თაობაზე ჩვენს მიერ დასმული შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.
ამასთან შეხვედრის დაწყებამდე მნიშვნელოვანი იყო მიგვეღო შესაბამისი გარანტიები იმისა, რომ ვიდეო კადრები საკმარისად დაფარული იყო და მინიმალურადაც კი არ იძლეოდა პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ამგვარ გარანტიებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მით უფრო იმ პირობებში, რომ შეხვედრის დამსწრე პირებს გააჩნდათ შესაბამისი ტექნიკა და ამ კადრების გადაღებისა და გავრცელების რისკები არსებობდა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კადრები რაიმე ფორმით შესაძლებელს გახდიდა წამების მსხვერპლების იდენტიფიცირებას, შეხვედრაზე შეკრებილი ასზე მეტი ადამიანისთვის მისი ჩვენება (და შემდგომში მისი სხვადასხვა ფორმით გავრცელების რისკი) დანაშაულის მსხვერპლებსა და მათი ოჯახის წევრებს დამატებით სულიერ ტანჯვის მიაყენებდა, რაც ცხადია, წინააღმდგეგობაში მოვიდოდა მათ მიმართ სამართლიანობის აღდგენისა და მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნებთან. ამგვარი გასაჯაროება დანაშაულის მსხვერპლებს დაუცველობის გრძნობას გაუჩენდა, რაც დამატებით ემოციურ ტრავმას მიაყენებდა მათ.
მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია, გამოძიების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარიმართოს და ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ წამებაში და რომელთა ხელმძღვანელობის ქვეშაც ყალიბდებოდა ეს მანკიერი სისტემა, სამაგალითოდ დაისაჯონ. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში პატივი ვცეთ იმ ადამიანების ღირსებას, რომელთაც საკუთარ თავზე განიცადეს არაადამიანური და ღირსების შემლახავი ქმედებები.
იმედს ვიტოვებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალში სათანადო ფორმებს შეარჩევს აღნიშნული დანაშაულების გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გააკეთებს ყველაფერს, რათა, ერთის მხრივ, ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, ხოლო მეორეს მხრივ ყველა ადამიანის ღირსება და პირადი ცხოვრების უფლება სათანადოდ დაცული იქნეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge