თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუქმდა საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ პარტიული სია, ვინაიდან ყველა კანდიდატმა 7-9 ოქტომბერს განცხადება დაწერა საოლქო საარჩევნო კომისიაში და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. არჩევნებში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა ამავე პარტიის მერობის კანდიდატმაც და საკუთარი განცხადების საფუძველზე მოიხსნა რეგისტრაციიდან. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კანდიდატებმა განაცხადეს, რომ აპირებდნენ სამუშაოდ ან სასწავლებლად გამგზავრებას საზღვარგარეთ, რის გამოც მათ უარი განცხადეს არჩევნებში მონაწილეობაზე. აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატების უეცარი და ჯგუფური გადაწყვეტილება საკუთარი კანდიდატურების მოხსნის თაობაზე აჩენს ეჭვებს კანდიდატების გულწრფელობასთან დაკავშირებით.
საგულისხმოა, რომ კანდიდატურების მოხსნას წინ არ უძღოდა რაიმე განმარტება გარდა იმისა, რომ კანდიდატები სწავლის გაგრძელებას ან დასაქმებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებდნენ. ამასთან, პარტიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინფორმაცია კანდიდატების მიერ რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ძირითადად მათთვის ცნობილი გახდა არა პირადად კანდიდატებისგან, არამედ - საარჩევნო ადმინისტრაციისგან.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, თეთრიწყაროს გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოხდა კანდიდატების გადარწმუნება, რიგ შემთხვევებში - დაშინება, რათა მათ რეგისტრაციიდან თავი მოეხსნათ.[1] აღსანიშნავია, რომ გარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა, ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლისა იძულების ფაქტებზე ასევე ვრცელდება სხვა პარტიების კანდიდატების მიმართაც, მათ შორის, ასპინძაში და დმანისში.
მსგავსი ფაქტები, მიუღებელია და დადასტურების შემთხვევაში ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“
[1] აღნიშნულ ფაქტებზე ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით დამატებით ინფორმაციას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge