არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოდან ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

2018 წლის 14-18 მაისს, ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ყოველწლიური სტრატეგიული მრგვალი მაგიდის შეხვედრების სერია გაიმართა. 

შეხვედრები შეეხებოდა არასამთავრობო სექტორსა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის საკითხებსა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშე სასამართლო დგას გამოძიების წარმოებისას სხვადასხვა ქვეყნებში.

შეხვედრებს ესწრებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები და პროკურორი, ასევე, პროკურორის ოფისის, რეგისტრატურისა და სასამართლოს სხვა სექციების წარმომადგენლები, ხოლო არასამთავრობო სექტორის მხრიდან რომის სტატუტი წევრი სახელმწიფოებიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

საქართველოდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს’’, ადამიანის უფლებათა ცენტრის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრისა და “საერთაშორისო სამართლიანობის“ წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმდინარე გამოძიებასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში სასამართლოს ადგილობრივი ოფისის გაძლიერებისა და დამატებითი რესურსით, მათ შორის, ადამიანური რესურსებით აღჭურვის აუცილებლობაზე, ასევე, აქტიური საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელების საჭიროებაზე, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოების პროცესში, მათ უფლებებთან დაკავშირებით. ამასთან, ქართველმა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ომის შედეგად დაზარალებულ პირთა მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და მოუწოდეს დაზარალებულთა ნდობის ფონდს საქართველოში განახორციელონ მხარდაჭერის პროგრამები ომის შედეგად დაზარალებულ პირთა დახმარების მიზნით.

 

მრგვალი მაგიდის შეხვედრებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge