არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმართა შეწყალების პროცესში შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხმაურებიან

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეების განცხადებებს, სადაც ისინი საუბრობენ პოლიტიკოსების მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე. მათივე განცხადებით, ზეწოლის მიზანი იყო ის, რომ მათ განსაკუთრებული ყურადღებით და წესით ემსჯელათ კონკრეტული მსჯავრდებულების საქმეებზე. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტებზე მან ერთი წლის წინ მიაწოდა ინფორმაცია ყოფილ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. ცხადია, რომ ამ ტიპის ზეწოლის შესახებ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს ინფორმაციას განსაკუთრებით სახიფათო ბუნების მქონე შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შესახებ და მოითხოვს, რომ გამოძიება წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში და დროულად გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს.

თუმცა, ამ საქმეში ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მაღალი თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების არაჯანსაღი რეაქცია კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. საქმის დროულად და სრულყოფილად გამოძიებაზე განსაკუთრებული აქცენტების დასმის ნაცვლად, მათი მხრიდან მითითებები გაკეთდა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ცრუ დასმენის ბრალდებით შესაძლო პასუხისმგებლობაზე. აგრეთვე გაკეთდა ბუნდოვანი მითითებები იმაზე, თუ რატომ არ მიაწოდა ამ დრომდე ალექსანდრე ელისაშვილმა საგამოძიებო ორგანოებს მომხდარზე ინფორმაცია. ამ რიტორიკას იზიარებდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების და მოქმედი მთავარი პროკურორის განცხადებები.[1]

განსაკუთრებით შემაშფოთებელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის და ამავდროულად საპროკურორო საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებები და მითითებები იმაზე, რომ თავად ალეკო ელისაშვილმა უნდა ამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი და რომ მისი ქმედებების მიმართ ბევრი კითხვა ჩნდება.[2] საპროკურორო საბჭოს ძირითადი მიზანია საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და პროკურატურის ფუნქციების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა. დაუშვებელია საპროკურორო საბჭოს წევრის მიერ, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე საქმის ირგვლივ, რომელშიც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზეა საუბარი, მსგავსი საჯარო განცხადების გავრცელება. ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს პროკურატურის საქმიანობაზე და საფრთხე შეუქმნას მიმდინარე პროცესის ობიექტურად და პოლიტიკური გავლენის გარეშე წარმართვას.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების მხრიდან წახალისებული უნდა იყოს შესაძლო დანაშაულზე საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეების მხრიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებაში, როდესაც საქმე შესაძლოა ეხებოდეს გავლენების მქონე პირებს, რაც განმცხადებლისთვის დამატებით ტვირთს და სირთულეს წარმოადგენს.

ცრუ დასმენის მოტივით პასუხისმგებლობაზე მითითება ცხადია, უარყოფით გავლენას მოახდენს მოქალაქეებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის ხარისხზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც განმცხადებლები, მოწმეები ან დაზარალებულები არ იკავებენ თანამდებობებს, მათ მიმართ დაბალია ცნობადობა და შესაბამისად ნაკლებია საზოგადოების ინტერესი და მხარდაჭერა. გარდა ამისა, სამართლებრივად მსგავს ბრალდებაზე მითითება არის ყოვლად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი, რადგან ინფორმაციის მიმწოდებელი არ არის და ვერც იქნება ვალდებული, თავად დაამტკიცოს დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ან მოიპოვოს ასეთი ბრალდებისათვის საჭირო მტკიცებულებები. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცრუ დასმენის მუხლის გამოყენების არაჯანსაღი პრაქტიკა[3] არსებითად შეაფერხებს მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ ორგანოებთან და იმოქმედებს დანაშაულის შეტყობინების მაჩვენებელზე და მხილების შემთხვევებზე. ამ პირობებში კი განსაკუთრებით სახიფათოა საპროკურორო საბჭოს წევრებისა და დეპუტატების იმგვარი განცხადებები, რომელებიც პროცესის დროულად და ობიექტურად წარმართვის  საფრთხეებს წარმოქმნიან და ამავდროულად დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელ პირზე ნეგატიური ზემოქმედების შედეგს აყენებენ.

საკითხის მნიშვნელობიდან და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ დაკვირვებას საქმეზე დაწყებული გამოძიების მსვლელობასა და მის შედეგებზე. აუცილებელად მიგვაჩნია, რომ სწრაფი, ეფექტური და სრულყოფილი გამოძიების პარალელურად, სამართალდამცავმა ორგანოებმა სრულად უზრუნველყონ განმცხადებლების, მოწმეებისა და მათი ახლობლების უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

იდენტობა

კავშირი “საფარი”

მედიის განვითარების ფონდი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო” (OSGF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

 


[1] http://www.interpressnews.ge/ge/samartali/358376-irakli-shothadze-elisashvils-am-khnis-ganmavlobashi-shesadzlebloba-hqonda-prokuraturisthvis-tserilobith-moemartha.html?ar=A

[2] http://rustavi2.com/ka/news/33883

[3] ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმე, რომელსაც პროკურატურამ ბრალი წაუყენა ცრუ დასმენის მუხლით: http://www.ombudsman.ge/ge/news/saxalxo-damcvelma-giorgi-oqropiridzis-saqmeze-sasamartlos-megobris-mosazreba-waradgina.page;  ასევე, ცრუ დასმენის გამოყენების შესახებ საქალაქო სასამართლოს მხრიდან გაკეთებული განცხადება: http://www.info9.ge/samarthali/135079-saqalaqo-sasamarthlo-satciroa-dadges-im-pirtha-pasukhismgeblobis-sakithkhi-visi-mkhridanac-cru-dasmena-gankhorcielda.html?lang=ka-GE


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge