არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს არ დაუშვას დაცულ ტერიტორიაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის განხილვაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 12 თებერვალს 13:00 საათზეა დაგეგმილი.

2018 წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობის მიერ დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, იქმნება არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, რაც ცალსახად პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს; თუმცა, ეს პოზიტიური მოვლენა მთლიანად იფარება ამავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში  დაგეგმილი ცვლილებებით.

კერძოდ, შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიადაცული ტერიტორიების V კატეგორია) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დასაშვები ხდება ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. შესაბამისად, შემოთავაზებული ცვლილები საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს, დაცულ ლანდშაფტებში დაუშვას ისეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ. მსგავსი პროექტების განხორციელება ასეთი ტიპის ტერიტორიაზე კი, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის დაცული ტერიტორიების კონცეფციასთან და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრინციპებთან. უფრო მეტიც, წინააღმდეგობაში მოდის წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში შეტანილ სხვა პროექტებთან.

დაცული ლანდშაფტი წარმოადგენს დაცული ტერიტორიის ერთ-ერთ კატეგორიას,[1] რომელიც იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.[2]

შესაბამისად, დაცულ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამუშაო სწორედ ამ მახასიათებლების შენარჩუნებასა და აღდგენაზე უნდა იქნას ორიენტირებული, ხოლო სხვა ნებისმიერი სამუშაო, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს დაცული ტერიტორიის მთლიანობა, მისი ლანდშაფტი,  არათავსებადია დაცული ტერიტორიის კონცეფციასთან და შესაბამისად დაუშვებელი უნდა იყოს მისი ამ ტერიტორიაზე განხორციელება. დაცულ ლანდშაფტში ჰესების და ენერგეტიკასთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი, ვერანაირად ვერ იქნება განხილული როგორც ადგილობრივი ეკოლოგიური სივრცის შენარჩუნებისა და დაცვის ინტერესის მქონე და პირიქით, ზუსტად მსგავსი უხეში ჩარევისგან დაცვის მიზნით იქმნება დაცული ტერიტორიები.

შემოთავაზებულ ცვლილებას ორმაგად შემაშფოთებელს ხდის ის გარემოება, რომ კანონპროექტის ავტორს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს, რომელიც თვითონ უნდა იყოს მოწოდებული დაცული ტერიტორიების მსგავსი უხეში ჩარევისგან დაცვისკენ.

ასევე პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნულ პაკეტში წარმოდგენილი კანონპროექტების შემუშავების პროცესში სათანადოდ არ მომხდარა ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებულ პირების ჩართვა და შესაბამისი კონსულტაციების გამართვა, მიუხედავად იმისა, რომ მომავალში სწორედ ადგილობრივი თემის მიერ უნდა განხორციელდეს დაცული ლანდშაფტის მართვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

 

 საქართველოს პარლამენტს:

-  არ დაუშვას დაცული ტერიტორიების სისტემის კანონმდებლობის გაუარესება, უარი თქვას მითითებული საკანონმდებლო პაკეტის წარმოდგენილი სახით მიღებაზე და არ გახადოს დასაშვები დაცულ ტერიტორიებზე, ამ სივრცისთვის შეუსაბამო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა.

-  უზრუნველყოს არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნის საკითხზე შესაბამისი სამუშაო ფორმატის შექმნა, სადაც ჩართული იქნებიან ადგილობრივები და სხვა დაინტერესებული პირები და მხოლოდ მათთან კონსულტაციების შემდგომ იმსჯელოს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  

 

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

მწვანე ალტერნატივა

 


[1] დაცული ლანდშაფტი შეესაბამება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას- „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ზ“ პუნქტი;

[2] „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი;

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge