არასამთავრობო ორგანიზაციები 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნების არჩევის საკითხს ეხმაურებიან
2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია დაამტკიცა (ცესკოს 2013 წლის 26 თებერვლის #7/2013 დადგენილება). აღნიშნული ინსტრუქციით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი განიმარტა და აღინიშნა, რომ კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა); კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა); დასახელებული კანდიდატურა აირჩევა სახელობითი კენჭისყრით, პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრისა), სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
შედეგად, 2013 წლის 27 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივნის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა პარტიების მიერ დანიშნული წევრებიდან მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ წევრებს არ მიეცათ. პარტიის განცხადებით, ნაძალადევის საარჩევნო ოლქში 99 საარჩევნო უბანზე არჩეული ყველა მდივანი საარჩევნო ბლოკში „ბიძინა-ივანიშვილი ქართული ოცნება“ შემავალი პარტიების მიერ დანიშნული წევრები არიან. რამდენიმე გამონაკლის გარდა, იგივე მდგომარეობაა სამტრედიისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქებშიც.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის 15 პუნქტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან, გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიისა. ცესკომ 2013 წლის 26 თებერვლის დადგენილებით წინა საპარლამენტო არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნია და კომისიაში წარმოდგენილი 7 პარტიიდან მხოლოდ ამ პარტიის მიერ დანიშნულ წევრს აუკრძალა მდივნის არჩევნებში მონაწილეობა.
როგორც აღვნიშნეთ, ,,საარჩევნო კოდექსი" მდივნად არჩევის შესაძლებლობას საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნულ წევრს ართმევს. ცესკომ ასეთ პარტიად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნია და არა საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი- ქართული ოცნება“, რომლის ფარგლებშიც თავის მხრივ 6 დამოუკიდებელი პარტია იყო გაერთიანებული. შესაბამისად, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული შედეგი, რომელიც თავის მხრივ საუკეთესო იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, არ ყოფილა მიღებული მხედველობაში. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო შედეგის არმქონე პარტიებად საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები მოიაზრეს და მდივნის თანამდებობები სწორედ მათ გადაუნაწილეს. მიგვაჩნია, რომ ცესკომ 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე მდივნის არჩევის წესი კანონის არსისა და მისი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ განმარტა. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების მენეჯერულ პოზიციებზე კვლავ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ დანიშნული წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. ვფიქრობთ, კანონის სწორი განმარტების პირობებში, ერთ პოლიტიკურ პარტიას ან ერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა მისცემოდა იმის შესაძლობლობა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მენეჯერულ პოზიციებზე დომინირებული მდგომარეობა ჰქონოდა. მოცემულ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილება ვერც აღნიშნული ნორმის დაწესებით მოხდა, რადგან ნორმის სულისკვეთება, რომ მდივნებს წარმოედგინათ ოპოზიცია, მიღწეული ვერ იქნა.
აქვე უნდა ითქვას, რომ მდივნის არჩევის აღნიშნული წესი ცვლილების სახით საარჩევნო კოდექსში 2009 წლის 28 დეკემბერს აისახა. („საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. მუხლი 22121 და 22 - 28.12.2009. N2525 2001 წლის 2 აგვისტოს რედაქციით) ცვლილების განხორციელება განპირობებული იყო როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით, ასევე ის 2009 წელს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების კონკრეტულ შედეგსაც წარმოადგენდა. OSCE/ODIHR 2008 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში აღნიშნავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მენეჯერულ პოზიციებზე (კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები წარმოდგენილნი არ იყვნენ (GEORGIA, PARLIAMENTARY ELECTIONS, 21 May 2008 OSCE/ODIHR Election Observation Mission, Final Report). შესაბამისად, OSCE/ODIHR საუბნო საარჩევნო კომისიებში მენეჯერულ პოზიციებზე რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიის დომინანტობის გამორიცხვის რეკომენდაციას იძლევა (GEORGIA, PARLIAMENTARY ELECTIONS, 21 May 2008 OSCE/ODIHR Election Observation Mission, Final Report). უკვე 2009 წელს საარჩევნო კოდექსის ახალ ვარიანტზე მუშაობის პროცესში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც საუბნო საარჩევნო კომისიებში მდივანი არჩეული იქნებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული წევრებიდან.
პრობლემის ირგვლივ მსჯელობის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ დღის წესრიგში დგება, ერთის მხრივ, საარჩევნო კოდექსის ცალკეულ ნორმათა და დებულებათა, ხოლო, მეორეს მხრივ, საარჩევნო კანონმდებლობის სისტემური გადახედვის აუცილებლობა. საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრობლემა ნათლად მიუთითებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის აუცილებლობაზე, რომელიც გამორიცხავს ერთი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიისა თუ პოლიტიკური ძალის დომინირებულ მდგომარეობას საარჩევნო ადმინისტრაციაში და გაზრდის ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI)
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge