არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მოსაზრებები UPR-თვის მთავრობის ანგარიშის პროექტზე

2010 წლის 8 ოქტომბერს, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელშიც შედის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა საკუთარი მოსაზრებები საქართველოს მთავრობის მიერ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გასაგზავნი ეროვნული ანგარიშის პროექტზე.

კოალიციის შეფასებით, მთავრობის ანგარიში ზოგადია და მასში არ არის წარმოდგენილი მთავრობის შეფასება ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტულ ფაქტებთან და სისტემური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე დაუსჯელი რჩება.

2010 წლის 12 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ UPR-თვის გააგზავნა ერთობლივი ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილია დეტალური ინფორმაცია ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევის ფაქტებისა და პრაქტიკის შესახებ. ამასთან ანგარიშში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა ორივე ჩრდილოვანი ანგარიში და ეთხოვა, ანგარიშებში წარმოდგენილი რეკომენდაციების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია.

საქართველოს ანგარიშის განხილვა ჟენევაში იგეგმება 2011 წლის 24 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო UPR-ის მექანიზმით ახორციელებს ზედამხედველობას წევრი ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. UPR-ის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა წევრი მთავრობების წინაშე მოახდინონ კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და ლობირება გაუწიონ შესაბამისი რეკომენდაციების მიღებას.  

იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტები:



 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge