არასამთავრობო ორგანიზაცების მოთხოვნა ტყიბულის ქვანახშირის საწარმოში მომხდარი დაღუპვის და დაშავების შემთხვევების შემსწავლელი კომისიის შექმნის თაობაზე

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიმართავენ პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს 2006 წლიდან დღემდე, ტყიბულში, შპს „საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ შახტებში, ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების გამომწვევ ყველა საწარმოო შემთხვევას. ასევე, მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის და ობიექტურობის საკითხს.

საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ საწარმოს სხვადასხვა დონის მენეჯმენტის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, არამედ ამ საქმეების გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო სამოხელეო თუ სხვა დანაშაულის ჩადენის საკითხი. კონკრეტულად, კერძო კომპანიის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ მათი მაღალი ლოიალობა, ობიექტური გამოძიების სტანდარტების დაუცველობა და სხვა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობა განსაკუთრებულად ცხადია ტყიბულის შახტებში მომხდარ შემთხვევებთან მიმართებით. არც ერთ შემთხვევაზე, ამ დრომდე, გამოძიებას არ შეუსწავლია და დაუდგენია საწარმოს მმართველებისა თუ სხვადასხვა მენეჯერული რგოლის წარმომადგენლების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფების სიცოცხლის, უფლებებისა და ინტერესების დაცვის სფეროში სისხლის სამართლის პოლიტიკის აშკარა ინდიფერენტულობა და უსამართლობა, სამართალდაცვით პოლიტიკაში სოციალური იერარქიების ღრმა პრობლემაზე მიუთითებს და სოციალურად გარიყული ჯგუფებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არსებითად ასუსტებს. ტყიბულში არსებული სოციალური კატასტროფის მასშტაბის, ადგილობრივების სოციალური სასოწარკვეთისა და უიმედობის გათვალისწინებით, არსებითია პარლამენტმა გაიაზროს საკითხის მწვავე საზოგადოებრივი მნიშვნელობა და მის ხელთ არსებული სამართლებრივი თუ პოლიტიკური ინსტრუმენტები ეფექტიანად გამოიყენოს ამ პროცესში.

2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან, სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით, 90 საქმის ფარგლებში, რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge