არასაახალწლო ბლოგი

„ძლიერება აბრიყვებს“

 ფრიდრიხ ნიცშე

2017 წელი ტრადიციულად  დატვირთული იყო მთელი რიგი პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენებით: საკონსტიტუციო რეფორმით, არჩევნებით, ხანძრებით, ეკოლოგიური კატასტროფებით, პოლიტიკური დაპირისპირებებით, მოზარდების ტრაგიკული მკვლელობებით და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოვლენა დიდი დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, რაც საზოგადოებაში დაგროვილი ძალადობისა და აგრესიის რადიკალურ შედეგს წარმოადგენს.

სამწუხაროდ სამყაროში ბევრი ბოროტება ხდება, ადამიანები ძალიან აგრესიულები და ძალადობაზე ორიენტირებულები არიან და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა ნამდვილად არაა. თუმცა, ჩვენს რეალობაში უკიდურეს აგრესიას შემაშფოთებელ და ხშირად ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. ვერ გავექცევით ფაქტს, რომ სიბრაზე და აგრესია საზოგადოების სოციალური ცხოვრების ნაწილია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. საყოველთაო უსამართლობისა და ძალადობის ფონზე, თითქოს არც დაგრჩენია გზა რომ სხვაგვარად მოიქცე, ამიტომაც ნებით თუ უნებლიედ ყველა ჩვენგანი ერთვება მოჯადოებული წრეში, რომლისგანაც თავის დაღწევა არც თუ მარტივია. შესაბამისად ჩნდება კითხვა: ნუთუ განწირულები ვართ მუდმივი ძალადობისთვის?

ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ნობელის პრემიის ლაურეატისა უფლებადამცველი კაილაშ სატიარტის მოსაზრება, რომელიც კითხვაზე თუ როგორ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას, პასუხობს რომ ამისთვის საჭიროა სწორად ვვმართოთ ემოციები. ძალაუფლებისაკენ მუდმივი სწრაფვა, რომელიც თანამედროვე „ძალის კულტურის“ განუყოფელი ნაწილია, თითქოს უცვლელი მოცემულობაა. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, ჩვენს ხელშია როგორ გამოვიყენებთ ძალას, რადგან ყველაზე დამანგრეველი ენერგიაც კი შეიძლება გავხადოთ საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი. რისხვა და აგრესია კი არის ენერგია, რომელიც ბუნების კანონიდან გამომდინარე ვერასოდეს გაქრება და განადგურდება. ამიტომ, ერთი მხრივ, რისხვა შეიძლება გადაიზარდოს სიძულვილში, ძალადობასა და შურისძიების სურვილში, მეორე მხრივ კი შეგვიძლია გავარღვიოთ მოჯადოებული წრე, აგრესია გარდავქმნათ  ძალად, რომელიც სამყაროს შედარებით უკეთესს და სამართლიანს  გახდის.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge