1 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარმატებით დასრულდა 2 აქტივისტის სამართალდარღვევის საქმის განხილვა, რომელთა ინტერესებს საია იცავდა.
ისინი 2021 წლის 12 ივლისს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობის წინ გამართულ საპროტესტო მანიფესტაციაზე დააკავეს. პოლიციამ მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე განახორციელა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით, ,,დაკავებულები იგინებოდნენ, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს“. დაკავებულები მომდევნო დღეს გაათავისუფლეს იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე, შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები კი განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.
2021 წლის 1 სექტემბრის სხდომაზე, სასამართლომ, საქმის გარემოებათა გამოკვლევის, ვიდეო მტკიცებულებების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, დაადგინა, რომ დაკავებულებს არ ჩაუდენიათ კანონით აკრძალული რომელიმე ქმედება და მიიღო დადგენილება ორივე ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქმის წარმოება შესაძლებელი გახდა ,,ღია საზოგადოების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - ,,იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის" - ფარგლებში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge