ანგარიშვალდებულების ნაკლებობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში „საბჭო“) სასამართლო სისტემის ადმინისტრირების მთავარი ორგანოა.1 ძალაუფლების ის მასშტაბები, რომლებითაც საბჭო სარგებლობს, აუცილებლად უნდა ბალანსდებოდეს ანგარიშვალდებულების შესაბამისი მექანიზმებით. საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება - გამჭვირვალობა - ინფორმაციის მაქსიმალური თავისუფლებაა იმასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობს საბჭო, რა გადაწყვეტილებებს იღებს იგი და ა.შ.

სამწუხაროდ, საბჭოს მუშაობაში ამ მიმართულებით ბოლო წლებში მკვეთრი უკუსვლა შეინიშნება. საბჭო არ გასცემს საჯარო ინფორმაციებს, სიტუაცია გაუარესებულია საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაციის, გადაწყვეტილებების, სხდომის ოქმების გამოქვეყნების, ასევე დღის წესრიგების სიზუსტის მხრივ. თუმცა, ამ თემის განვრცობამდე, მნიშვნელოვანია იმ საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა, რომლებშიც ხაზგასმულია, რატომ არის გამჭვირვალობა სასამართლოს ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების ნდობის მოპოვების ქვაკუთხედი.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) ერთ-ერთი ბოლო მოსაზრებით, საბჭოების ლეგიტიმურობას საფუძვლად უდევს კანონმდებლობა, რომელიც, აუცილებელია, გამყარდეს საზოგადოების ნდობით.2 ეს კი, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულებასა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობით გამოიხატება.3 იმის თაობაზე, რომ საბჭომ ნდობა ვერ მოიპოვა, ხოლო სისტემაში არსებული ძირითადი გამოწვევები სწორედ იქ იყრის თავს, ადგილობრივ აქტორებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ხაზგასმით საუბრობენ.

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ეუთო/ოდირი) 2023 წლის ნოემბერში ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც საზოგადოების ნდობის მოპოვება და შენარჩუნება ანგარიშვალდებულების კონტექსტშია განხილული.4

როგორ უნდა „გაიზომოს“ საბჭოს ანგარიშვალდებულება? - მთავარი გასაღები აქაც საჯაროობაა. ანგარიშვალდებულების სხვა ინსტრუმენტების გამოყენებასთან ერთად, საბჭოებმა უნდა გაასაჯაროონ, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია, მათ შორის, წლიური ანგარიშები, გადაწყვეტილებები, ოფიციალური ხარჯები და ა.შ.5 ნდობის ამაღლების მიზნით, მათ უნდა გამართონ ხშირი და რეგულარული დიალოგი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და, ზოგადად, საზოგადოებასთან.6 ამ მიმართულებით მართლმსაჯულების ეფექტიანი ინტეგრირებისთვის აუცილებელია სისტემის გახსნილობა და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.7 საბჭო ანგარიშვალდებულია მოსამართლეთა

კონფერენციის წინაშე და მას გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს.8

ანგარიშის წარდგენის პროცესი, ისევე, როგორც ბევრი სხვა გადაწყვეტილება, რომლებიც მოსამართლეთა კონფერენციაზე მიიღება, ძალიან ფორმალურია. 2023 წელს საბჭოს მდივნის მიერ გაკეთებული მცირე მოხსენება არ მოიცავდა სასამართლოში არსებული პრობლემების სისტემურ შეფასებას.

ქვემოთ განხილული პრაქტიკა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობას სწორედ ნების არარსებობა ამყარებს.

სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღით“ დადგინდა საბჭოს ვალდებულება შეკრებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების შესახებ.9 საბჭოს არგუმენტით, 7-დღიანი ვადის დაცვა, სხდომების ინტენსივობის გამო, ვერ ხერხდებოდა, ამიტომ ის 3 დღემდე შემცირდა.10 მიუხედავად ამ ცვლილებისა, სხდომის თარიღისა და დღის წესრიგის გამოქვეყნების ვადებს საბჭო მუდმივად არღვევს. 2023 წლის განმავლობაში არცერთი სხდომის თარიღი და დღის წესრიგი სამი დღით ადრე არ გამოქვეყნებულა. სხდომის თარიღის ქაოსური ცვლილება და მისი დაწყების მუდმივი ლოდინი ართულებს მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მოპოვებას. მით უფრო, რომ, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის პირობებში, მისი საქმიანობის ეფექტიანი საზოგადოებრივი კონტროლი დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ ფონზე, საბჭო იმ ინფორმაციასაც კი არ გასცემს, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მას პროაქტიულად აქვს.11

წლებია, პრობლემურია დღის წესრიგში საკითხების ბუნდოვანი ფორმულირება. საბჭოს „კეთილ ნებად“ უნდა შეფასდეს 2018-2019 წლებში შეცვლილი პრაქტიკა, როდესაც საკითხები მცირე განმარტებით ქვეყნდებოდა, რაც უზრუნველყოფდა დაინტერესებულ პირთა მეტად ინფორმირებას იმის თაობაზე, რა საკითხებს განიხილავდა საბჭო. ბოლო წლებში, განსახილველი თემების გამოქვეყნების ფორმატი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. მაგალითად, ფორმულირება „მიმდინარე საკითხები“, „საორგანიზაციო საკითხები“ ხშირად მოიცავს სისტემისთვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მისაღებად კონკურსის გამოცხადება და სხვა.12 ასეთი მიდგომები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბჭოს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დახურულ კარს მიღმა ურჩევნია, რათა თავიდან აირიდოს კრიტიკული შეფასებებით გამოწვეული მცირედი დისკომფორტიც კი.

წინა წლებში დღის წესრიგის საკითხების ბუნდოვანებას, ამ საკითხებზე ინფორმაციის სხდომის დღეს მიწოდებას, მათ არასრულყოფილად მომზადებას საბჭოს ზოგიერთი

არამოსამართლე წევრი აპროტესტებდა.13 სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 2021 წლის შემდეგ, როდესაც საბჭო 5 დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრის გარეშე, 10 წევრით მუშაობდა.14 სამწუხაროდ, 2 წლის დაგვიანებით სრულად დაკომპლექტებული საბჭოს პირობებშიც მდგომარეობა სავალალოა. 5 არამოსამართლე წევრის შესვლამ საბჭოში დისკუსიასაც კი არ შეუწყო ხელი სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე.15

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის კიდევ ერთი კომპონენტი საბჭოს სხდომის ოქმებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობა და ხელმისაწვდომობაა. დაინტერესებულ პირებს ამით საბჭოს საქმიანობის დაკვირვებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ. საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად, გადაწყვეტილებები ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა აიტვირთოს მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.16 სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც უკუსვლაა. 2023 წლის განმავლობაში ვებგვერდზე იუსტიციის საბჭოს არცერთი სხდომის ოქმი არ არის ატვირთული, მიღებული გადაწყვეტილებები კი 2 ივნისის შემდეგ არ გამოქვეყნებულა.

ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და საბჭოს თავნებობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სისტემაში გადაწყვეტილებები არა კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ გავლენიანი პირების ნება-სურვილით მიიღება. ეს - იმ ფონზე, როცა ევროკომისიის რეკომენდაციებში ხაზგასმითაა მოთხოვნილი მაქსიმალურად ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველყოფა სასამართლო სისტემის ირგვლივ საკითხებზე მსჯელობისას.17

ავტორი: ნინო ნოზაძე 

ბლოგი მომზადდა ნინო ნოზაძის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ნინო ნოზაძე და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტიტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს. 

 

 


1 საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლი.

2 Consultative Council Of European Judges (Ccje), Strasbourg, 5 November 2021, CCJE (2021)11 Iv. Conclusions And Recommendations, para. 4

3 Consultative Council Of European Judges (Ccje), Strasbourg, 5 November 2021, CCJE (2021)11IV. Conclusions and recommendations, para.

4. 4 Recommendations on Judicial Independence and Accountability (Warsaw Recommendations) 2023, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/c/5/552718.pdf par. 9, განახლებულია: 20.01.24.

5 Recommendations on Judicial Independence and Accountability (Warsaw Recommendations) 2023, par. 11 ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/c/5/552718.pdf, განახლებულია: 20.02.24.

6 Recommendations on Judicial Independence and Accountability (Warsaw Recommendations) 2023, par. 11 ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/c/5/552718.pdf, განახლებულია: 20.01.24.

7 იქვე, პარ 9.

8 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 11-ლი პუნქტი.

9 ნინო ნოზაძე და ოლღა შერმადინი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №7, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, თბილისი, 2019, გვ. 57, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2zqPX2X, განახლებულია: 22.01.2024.

10 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

11 საიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელები წარადგინა, 2023 წლის 18 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/saiam-iusticiis-umaghlesi-sabtchos-da-iusticiis-umaghlesi-skolis-tsinaaghmdeg-sasamartloshi-sarchelebi-tsaradgina#sthash.nnP7Hj8f.dpbs, განახლებულია: 21.01.24.

12 ნინო ნოზაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №11, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2023, გვ. 29, ხელმისაწვდომია: http://tinyurl.com/28nrr94y, განახლებულია: 22.01.2024.

13 ნინო ნოზაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში №10, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თბილისი, 2022 წელი, გვ. 38, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: http://tinyurl.com/bddcxbsm, განახლებულია: 22.01.2024.

14 9 - მოსამართლე წევრი, 1 - პრეზიდენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრი.

15 კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ეხმაურება, 2023 წლის 18 მაისი, ხელმისაწვდომია: https://coalition.ge/index.php?article_id=287&clang=0, განახლებულია: 22.01.24.

16 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-18 მუხლი.

17 2023 წლის კომუნიკაცია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/hxJPS, განახლებულია: 22.01.24.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge