ანგარიშის ,,ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - 2011 წელი’’ პრეზენტაცია

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტრადიციულად აღნიშნა ეს თარიღი და ადამიანის უფლებათა სერიის ფარგლებში მონიტორინგის ანგარიშის ,,ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - 2011 წელი’’ პრეზენტაცია გამართა.
 
ანგარიში მომზადებულია საია-ს მონიტორინგის ჯგუფის მიერ, რომელმაც კვლევა საქართველოს 40 ადმინისტრაციულ ორგანოში ჩაატარა, კვლევა მოიცავს პარლამენტის აპარატის, სამინისტროებს, მთავრობის კანცელარიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, ცესკოს, ეროვნული ბანკის, დამოუკიდებელი კომისიების, თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების აპარატების და მერიის ადმინისტრაციების პრაქტიკის ანალიზს.
 
ანგარიში ეხება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით გათვალისწინებული ვალდებულებები კვლევას ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებაში.
 
მონიტორინგის ანგარიშში განხილული ძირითადი საკითხებია:
განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურების დაცვა;
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ,,10 დეკემბრის’’ ანგარიშების პარლამენტისა და პრეზიდენტისთვის წარდგენის ვალდებულების შესრულება;
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის წარმოების ვალდებულების შესრულება;
საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო ადმინისტრაციული ორგანოებში წარდგენილი ადმინისტრაციული  საჩივრების განხილვის პრაქტიკა;
სასამართლო პრაქტიკის ძირითადი მიმართულებები ინფორმაციის თავისუფლების დავებზე;
 
წარმოდგენილი ანგარიში ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების დაცვის კომპლექსური მონიტორინგის პირველი შემთხვევაა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები:
მონიტორინგის სუბიექტების ნაწილის მიერ არ ხდება ინფორმაციის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადებში;
მონიტორინგის სუბიექტების ნაწილი საერთოდ არ ასრულებს ან არასრულფასოვნად ასრულებს 10 დეკემბრის ანგარიშების პარლამენტისა და პრეზიდენტისთვის წარდგენის ვალდებულებას; არ არსებობს ანგარიშების უკუკავშირის მექანიზმები;
ზოგიერთ მონიტორინგის სუბიექტში ხდება, ან არასრულფასოვნად ხორციელდება საჯარო ინფორმაციის საჯარო რეესტრის წარმოება;
ადმინისტრაციული ორგანოების დიდი ნაწილი საჯარო ინფორმაციის პერსონალურ მონაცემებად მიჩნევის საბაბით ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის საჯარო ფინანსებისა და ქონების ხარჯვაზე სამოქალაქო მონიტორინგს, სამწუხაროა რომ ამგვარ არაკანონიერ პრაქტიკას სასამართლოს გადაწყვეტილებებიც ამყარებს.
 
ანგარიშს თან ერთვის რეკომენდაციები, სადაც ხარვეზების აღმოსაფხვრელი გზებია დასახული.
 
კვლევა დაფინანსებულია ფონდ ,,ღია საზოგადოების ინსტიტუტის’’ მიერ პროექტ ,,ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში’’ ფარგლებში.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge