საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იუსტიციის საბჭოს წევრის, ანა დოლიძის სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს საბჭოს იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც იგი ააცილეს კონკრეტული მოსამართლეების გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცესს.
აღნიშნული გადაწყვეტილებები საბჭომ 2018 წლის თებერვალში, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების განხილვის პროცესში მიიღო. საბჭოს აქტიური და კრიტიკულად განწყობილი წევრის აცილების საფუძვლად დასახელდა ანა დოლიძის მიერ უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის დაწყებამდე საჯაროდ გაკეთებული განცხადება. საბჭომ მიიჩნია, რომ ეს წარმოადგენდა საკმარის საფუძველს ინტერესთა კონფლიქტის დასასაბუთებლად.
ინტერესთა კონფლიქტის ფართო განმარტება, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძის აცილების დასაბუთებისას გამოიყენა, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი განმარტება წარმოადგენს სახიფათო ტენდენციას, რომელის გამოყენებითაც შესაძლებელი ხდება კრიტიკულად განწყობილი წევრი მნიშვნელოვანი პროცესებიდან იყოს ჩამოშორებული. ამ მექანიზმის გამოყენებით, ანა დოლიძე 50-დან 14 მოსამართლესთან გასაუბრების, და შესაბამისად, მათი უვადოდ დანიშვნის შესახებ გამართული კენჭისყრის პროცესებიდან იქნა ჩამოშორებული.
საია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უსაფუძვლო აცილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლება, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები განეხორციელებინა თავისუფლად და შეუფერხებლად.
წარდგენილი სარჩელით ანა დოლიძე, როგორც მოსარჩელე, მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლითაც შეიზღუდა მისთვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლებით სარგებლობა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge