საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით 2020 წლის 31 მარტის 08:00 საათიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამატებით შემოღებულ იქნა შემდეგი სახის შეზღუდვები:
შეკრების თავისუფლება:
საჯარო სივრცეში (როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს) აიკრძალა ფიზიკურ პირთა თავშეყრა, ასევე, სოციალური ღონისძიებები 3 პირზე მეტი რაოდენობით.
დამატებითი გამონაკლისი შეეხო ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.
შენიშვნა: საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოქდედი შეზღუდვები შეკრების თავისუფლებაზე, ამ რეგულაციათა გათვალისწინებით, დარჩა ძალაში.
მიმოსვლის თავისუფლება:
აიკრძალა ქალაქებს შორის და მუნიციპალიტეტის საზღვრებში მგზავრთა სარკინიგზო და ავტოსანტრანსპორტო გადაყვანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
21:00 საათიდან 06:00 საათამდე შემოღებულ იქნა ე.წ. „კომენდანტის საათი“ და აიკრძალა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით. ეს შეზღუდვა არ ეხებათ:
- საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს.
- საჯარო დაწესებულებებისა და დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
აიკრძალა სატრანსპორტო საშუალებით 3 პირზე მეტის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
70 წლისა და მეტი ასაკის პირებს აეკრძალათ საცხოვრებლის დატოვება, გარდა მათ მიერ ისეთი სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის, აგრეთვე სურსათისა და სამედიცინო/ფარმაცევტული პროდუქტის შეძენის მიზნით საცხოვრებელი ადგილის დატოვებისა. ამასთანავე, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს დაევალათ, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ პირთა საჭიროებებით უზრუნველყოფის ორგანიზება.
შენიშვნა: ეს შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს.
საკონტროლო პუნქტების მოეწყობა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.
გაითვალისწინეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში ფიზიკური პირი ვალდებულია, გადაადგილებისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოქდედი შეზღუდვები მიმოსვლის თავისუფლებაზე, ამ რეგულაციათა გათვალისწინებით, დარჩა ძალაში.
ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება:
საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
- სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
-სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
- წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
- ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
- კომერციული ბანკების საქმიანობისა;
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა (თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით);
- საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
- ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
- საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
- სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
- სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
- ტაქსით გადაადგილებით მომსახურებისა;
- საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა;
- კერძო დაცვითი საქმიანობისა;
- საადვოკატო საქმიანობისა;
- ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;
- პრესის ჯიხურებისა;
- საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა საქმიანობისა.
შენიშვნა: საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოქდედი შეზღუდვები ეკონომიკური საქმიაობის თავისუფლებაზე, ამ რეგულაციათა გათვალისწინებით, დარჩა ძალაში.
გაითვალისწინეთ, რომ კანონმდებლობით, საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისათვის გათვალისწინებულია სანქციები, კერძოდ: ფიზიკური პირები, რომლებიც დაარღვევენ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, დაჯარიმდებიან 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდული პირები 15 000 ლარის ოდენობით.
იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge