2019 წლის 12 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა. მას საპროკურორო საბჭოს 2/3-ით მხარდაჭერილ კანდიდატს, საკანონმდებლო ორგანო 76 ხმით ამტკიცებს.[1]
საპროკურორო საბჭომ უკვე დაიწყო გენერალური პროკურორის შერჩევის პროცედურები. ამ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს. გენერალური პროკურორის მიმდინარე კონკურსთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა. მათ შორის არსებულ ვითარებას განცხადებით გამოეხმაურა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის,“ სადაც კრიტიკულად არის შეფასებული პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა, შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების არ არსებობა, გამოკვეთილია პოლიტიკური კონსენსუსისა და პოლიტიკური გავლენებისგან პროცესის გათავისუფლების მნიშვნელობა.
გენერალური პროკურორობის პრეტენდენტთა შორისაა ირაკლი შოთაძეც,[2] ყოფილი მთავარი პროკურორი, რომელმაც თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩის საქმის თაობაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლის შემდეგ დატოვა, როგორც ხელმძღვანელმა, რომელმაც ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობისთვის თავის გართმევა და მართლმსაჯულების პროცესში მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულება.
კანონის მიხედვით გენერალურ პროკურორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.[3] ბატონი შოთაძე კი ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, მეტიც მისი ორი წლის მერე ყოფილ თანამდებობაზე დაბრუნების მცდელობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გადადგომის დროს მის კეთილსინდისიერებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარს.
სწორედ ამიტომ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოვუწოდებთ:
- საპროკურორო საბჭოს, პარლამენტში არ წარადგინოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა, ასევე სხვა პირის წარდგენის შემთხევაში დაასაბუთოს კანდიდატის მინიმალური შესაბამისობა გენერალური პროკურორისთვის წარდგენილ მოთხოვნებთან;
- პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსისა და არა უმრავლესობის საფუძველზე, რაც ახლად გამწესებული გენერალური პროკურორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
[1] პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი, მე-16 მუხლი.
[2] ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს, რადიო თავისუფლება, 2020 წლის 16 იანვარი, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/30380606.html, განახლებულია: 04.02.2020.
[3] პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge