ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს და ბრიტანეთის საელჩოების, ასევე ევროპის კავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვება. მოცემული ანგარიში შეეხება კენჭისყრის დღის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას და დაფიქსირებულ დარღვევებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი პრობლემები:
- ამომრჩეველთა სიაში არსებული ხარვეზები – იმ უბნებზე სადაც საიას ჰყავდა დამკვირვებლები, მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ პოულობდა საკუთარ თავს საარჩევნო სიებში. რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა სიებში დაფიქსირდა გარდაცვლილ პირთა მონაცემები. ამავე დროს, საარჩევნო უბნების საზღვრების შეცვლის გამო მოქალაქეთა დიდი ნაწილი, ვისაც არ მისვლიათ ამომრჩევლის მოსაწვევი, ვერ პოულობდნენ შესაბამის საარჩევნო უბანს;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობა – რამაც გამოიწვია რიგი პროცედურული ხარვეზები (მაგ. საკონტროლო ფურცლის დაგვიანებით ჩაგდება კენჭისყრის ყუთში; ჩანაწერთა წიგნის წარმოების წესის დარღვევა; კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესის დარღვევა);
- საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მიზანმიმართული უკანონო ქმედება, რაც ნაწილობრივ აღმოფხვრილი იქნა ზემდგომი კომისიების მიერ (მაგ. კომისიის წევრების მიერ წინასწარ შემაჯამებელი ოქმის ხელმოწერა და ბეჭდის დარყმა);
- უბანზე არაუფლებამოსილი პირების დასწრებისაგან გამოწვეული პრობლემები – კენჭისყრის შენობაში ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ერთზე მეტი წარმომადგენლის ყოფნა;
- პოლიციის წარმომადგენლების ყოფნა საარჩევნო უბანზე – კენჭისყრის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე კომისიის თავმჯდომარის მითითების გარეშე პოლიციის მუშაკის ყოფნა;
- დევნილთა მხრიდან ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები – პირადობის მოწმობასთან ერთად დევნილის მოწმობის წარმოუდგენლობა;
- ტექნიკური ხარვეზები: მაგ. მარკირების შემოწმებისა და ასლის გადამღები აპარატების გაუმართაობა; არასაკმარისი სარეგისტრაციო მაგიდები და ხმის მიცემის კაბინები;
- კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რამაც გამოიწვია კანონის ნორმების განსხვავებული განმარტება სხვადასხვა საარჩევნო უბანში (მაგ. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები; აგიტაცია საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე; ცალკეული კატეგორიის ამომრჩეველთა მიერ (დევნილები, სამხედრო წვევამდელები, წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები) ხმის მიცემის პროცედურები);
წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს უმრავლესი საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან (სადამკვირვებლო მისიის ტერიტორიაზე) დამკვირვებელთა საჩივრების ჩაბარება და კანონით გათვალისწინებული წესით რეგისტრაცია.
წარმოდგენილი დარღვევები თავისი არსით მნიშვნელოვანია. ამავე დროს აუცილებელია აღინიშნოს, რომ საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები არ იყო იმ მასშტაბის, რომ გავლენა მოეხდინა კენჭისყრის დღის ლეგიტიმურობაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უახლოეს მომავალში მოამზადებს და გამოაქვეყნებს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge