ადევნება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული

სასამართლოში ადევნების დანაშაულის საქმის განხილვისას, მსხვერპლთა უმრავლესობას  აქვს კითხვა: „რატომ მე?“, „რა გავაკეთე ისეთი რამაც ეს შედეგი გამოიწვია?“ ეს კითხვებია, რომლებიც საფუძვლად უდევს არასწორ წარმოდგენას, რომლის თანახმადაც მსხვერპლის პიროვნული ან ქცევითი მახასიათებლები ითვლება ადევნების, შევიწროების თუ სექსუალური თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულის მთავარ გამომწვევ ფაქტორად. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მაღალი სტატისტიკა  გვაქვს, უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარ დანაშაულს არ აქვს გამართლება. 

ამ ბლოგში მე გაგიზიარებთ რამდენიმე მოსაზრებას იმ სასამართლო სხდომებიდან გამომდინარე, რომლებსაც  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სისტემური და მოთხოვნაზე ორიენტირებული სასამართლო მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში ვესწრებოდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით.

სამწუხაროდ, სასამართლო სხდომებზე მსხვერპლების ჩვენებებმა, რომლებშიც ისინი ყვებოდნენ ადევნების დანაშაულის შესახებ და მის საშინელ შედეგებზე, დამიტოვა განცდა, რომ ეს დანაშაული ჯერ კიდევ არ არის აღქმული სათანადო სერიოზულობით სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოსა თუ საზოგადოების მხრიდან. მსხვერპლები აღნიშნავდნენ, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის შემდეგ  გატარებული ღონისძიებები არ იყო დანაშაულის შეკავებისთვის საკმარისი და ხშირად კომუნიკაციის პროცესში არასერიოზულ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი. საზოგადოებრივი შეხედულებით, ეს დანაშაული უმატესად აღიქმება, როგორც თაყვანისმცემლის მხრიდან გამოხატული ყურადღება, რაც  მსხვერპლებზე უდიდეს უარყოფით  გავლენას ახდენს. ამან გამახსენა, მერიე ჯონსის წიგნი, რომლის სათაური „თვალთვალი არ არის სიყვარული“ სწორად სცემს პასუხს საზოგადოების გულგრილ და არაემპათიურ დამოკიდებულებას.[1] წიგნში აღწერილი მოვლენები ბიოგრაფიულია.ამდენად ავტორს კარგად ესმის, როგორია ცხოვრება, მაშინ, როდესაც გამუდმებულ შიშს განიცდი, როცა თავს დაუცველად გრძნობ და როცა მუდმივად თვალთვალის ობიექტი ხარ. ავტორი ყველა იმ ქალისა და კაცის სახელით საუბრობს, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ადევნების დანაშაულის მსხვერპლი. ამდენად, ყველას შეახსენებს, რომ ეს არ არის სიყვარული ან უვნებელი გატაცება, როგორც ამას დამნაშავე ან საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, არამედ ეს არის დანაშაული.

ადევნება, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული საქართველოს კანონმდებლობაში 2017 წელს აისახა, რისი საფუძველიც იყო  ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციის რატიფიცირება. „ადევნება” წარმოიშვა ინგლისურენოვანი სივრციდან და მომდინარეობს სიტყვიდან -Stalking, რაც ჩასაფრებას ნიშნავს, ხოლო მოგვიანებით გახდა  დანაშაულის აღმნიშვნელი ტერმინი. კონვენციის 34-ე მუხლი[2] ადევნებას ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულია, შესაბამისად, სტატისტიკურად ამ დანაშაულის მსხვერპლები, როგორც წესი, ქალები არიან[3]. უნდა აღინიშნოს, რომ  ქართულ კანონმდებლობაში ადევნების მუხლი გენდერულად ნეიტრალურია, რაც იმას ნიშნავს რომ დანაშაულის მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც ქალი, ასევე,კაცი[4]. სტამბოლის კონვენცია  ხელშემკვრელი სახელმწიფოებისგან მოითხოვს  პასუხისმგებლობის განსაზღვრას ადევნების დანაშაულისთვის. განმარტებითი ანგარიში[5] ადევნების სისხლისსამართლებრივ შემადგენლობას გვაძლევს, რაც გულისხმობს განზრახი ბუნების ნებისმიერ განმეორებად არასასურველ ქცევას მეორე პირის მიმართ, რასაც მოჰყვება საფუძვლიანი შიში. როგორც დეფინიციიდან ჩანს, იმისთვის რომ ქმედება ადევნებად დაკვალიფიცირდეს, საჭიროა სულ მცირე სამ კომპონენტს აკმაყოფილებდეს: 1. ქმედება უნდა იყოს განზრახ არასასურველი, 2. უნდა იყოს განმეორებადი, 3. უნდა იწვევდეს დაზარალებულის დაშინებას. სისხლის სამართლის მუხლის მიხედვით,  შემაშინებელ ქცევას, შესაძლოა, ჰქონდეს მრავალი გამოხატულება, კერძოდ, ქონების დაზიანების მუქარა, ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების მიმართ ძალადობა და სხვა. მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისთვის რომ ქმედება ადევნებად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, მსხვერპლს ჰქონდეს ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი შეცლის საჭიროება ან იძულება.  ამასთან,  „სისტემატიური” განმეორებადობის გარეშე ცალკეული, ერთეული ქმედება ვერ მოგვცემს ადევნების დანაშაულის შემადგენლობას.

ქმედება შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სახით, მაგალითად: მსხვერპლისთვის თვალყურის დევნება, დახვედრა მის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილას, კონტაქტის იძულება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის სოციალური მედიით,  არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, თვალთვალი სპეციალური საშუალებების გამოყენებით და სხვა. ყველა ამ ქცევის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლს  ეზღუდება თავისუფლება, მათ შორის, გადაადგილების, ამასთან სისტემური დევნა მას უტოვებს განცდას, რომ მუდმივად უნდა იყოს ფრთხილად და საშიშროების გამუდმებულ მოლოდინში. ხშირ შემთხვევაში, ქმედება შეიძლება უწყინრად გამოიყურებოდეს, მაგრამ  იგი იწვევს  მსხვერპლის შევიწროებასა და სერიოზულ მორალურ ტანჯვას. მაგალითად, თვალთვალი სერიოზულ გავლენას ახდენს მსხვერპლზე, რის გამოც ის შესაძლოა  ტრავმირებული იყოს ხანგრძლივი დროის: კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი. ფსიქიკური ზემოქმედება, შესაძლოა, შედარებით „მსუბუქი“ სახით გამოვლინდეს და მოიცავდეს უარყოფასა და იმედგაცრუებას, ხოლო უფრო რთულ შემთხვევებში კი მსხვერპლი დეპრესიამდე და სუიციდამდეც კი მიიყვანოს.  გარდა ფსიქიკური ზემოქმედებისა, ასევე,დანაშაულებრივი ქმედება გავლენას ახდენს მსხვერპლის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ ცხოვრებაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე.

სამწუხაროდ,  დანაშაულის მზარდი სტატისტიკა გვაქვს, მაგალითად  2022 წლის მონაცემებით[6] 112 ადევნების შემთხვევა დაფიქსირდა წლის განმავლობაში, რაზეც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ხოლო 2023 წლის  სამი თვის (იანვარი, თებერვალი, მარტი) მონაცემით 25 ასეთი შემთხვევა.  გარდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგელობისა, კონვენცია გვთავაზობს შემაკავებელ და დამცავ ორდერებს [7], რადგან სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებამ შესაძლოა ვერ შეაჩეროს დამნაშავე. ამდენად, მნიშვნელოვანია მსხვერპლის უსაფრთხოება დაცული იყოს სხვა სახის საშუალებებითაც.  საქართველოს კანონის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, მე-10 მუხლი  სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებს ანიჭებს უფლებას გამოიყენონ დამცავი და შემაკავებელი ორდერები, როგორც დროებითი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვერპლის დაცვას და მისი ხელახალი ვიქტიმიზაციის აღკვეთას. ამდენად, სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერესები იყოს დაცული. გამოძიებისა და სასამართლოში დაკითხვის  პროცესში მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაცია. რაც გულისხმობს იმას, რომ დაზარალებული ვერ იღებს სათანადო დახმარებას/მხარდაჭერას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ამასთან, გამოკითხვის/დაკითხვის პროცესი ხშირად მატრავმირებელია, რაც უარყოფითად აისახება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

პროცესის ნებისმიერმა მონაწილემ, იქნება ეს ადვოკატი, პროკურორი თუ მოსამართლე უნდა უზრუნველყოს კითხვების სწორად შერჩევა, რათა მსხვერპლის მდგომარეობა არ იყოს უგულებელყოფილი. საჭიროა მსხვერპლის ღირსებისა და პატივისცემის დაცვა და მისიინფორმირებულობა  სამართალწარმოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად ეს არ ხდება, მსხვერპლები ყვებიან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასერიოზული დამოკიდებულების შესახებ, ხოლო პროცესზე მათი ტრავმული გამოცდილების რამდენჯერმე გამეორება უწევთ. ასევე, პრობლემურია სასამართლო განხილვათა ხანგრძლივობა. მონიტორინგის პროცესში იყო შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი ერთი წლის განმავლობაში ელოდებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება, როგორც თავად დაზარალებულზე, ასევე, სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზანზე.  ამასთან, მსხვერპლთა მონაყოლით ჩანს, რომ ისინი თავს დაცულად არ გრძნობენ, მუდმივად განიცდიან  მძიმე დისტრესს, მთლიანად იცვლება მათი ცხოვრების რიტმი და შესაძლოა მოხდეს ხელახალი ვიქტიმიზაცია ანუ დაზარალებული იქცეს განმეორებადი დანაშაულის მსხვერპლად. მახსენდება, ერთი შემთხვევაც, როდესაც  დაზარალებული ხელახალი დანაშაულის მსხვერპლად იქცა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს, ემატება   საზოგადოების მხრიდან  დანაშაულის უგულებელყოფა, მსხვერპლის დადანაშაულება, რითაც პიროვნებას ეკარგება რწმენა „სამართლიანი სამყაროსი“ და საზოგადოებრივ ურთიერთობებს მუდამ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

მნიშვნელოვანია, მსხვერპლმა  ყურადღების გარეშე არ დატოვოს ადევნების შემთხვევა დადაუყოვნებლივ გაუზიაროს  ეს ამბავი მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, რათა სოციალური მხარდაჭერა მიიღოს. აუცილებელია, მისი ხმა საზოგადოების მიერ იყოს მოსმენილი, რათა დანაშაულის შემთხვევები ხილვადი გახდეს.  ამ უკანასკნელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ინფორმირებულობა შეამცირებს ადევნების შემთხვევებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  სამართალდამცავი ორგანოებისთვის  დროულ მიმართვას, და, მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანოებისგან დროულ რეაგირებას, რათა დაცული იყოს დაზარალებულის  ინტერესები.  

აუცილებელია, ყველა მსხვერპლს შევახსენოთ, რომ ისინი არ არიან მარტო და ისინი სარგებლობენ სახელმწიფოს და საზოგადოების მხარდაჭერით, რაშიც სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც პროკურატურას, ისე, სასამართლოს საქმიანობის ეფექტიანობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. მსხვერპლებს უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ სახელმწიფო მათ გვერდით იქნება, როდესაც ისინი დანაშაულის შესახებ განაცხადებენ. 

 

ავტორი: ია იაძე         

Ბლოგი მომზადებულია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "სისტემური და მოთხოვნაზე ორიენტირებული სასამართლო მონიტორინგი საქართველოში" ფარგლებში. შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას და დონორი ორგანიზაციის პოზიციას.

 

  1. Jones Marie D. stalking is not love: the stalker calls it love... i call it stalking. 2014.
  2. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია, მუხლი 34, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3789678?publication=0 .
  3. სტატისტიკა,ხელმისაწვდომია:VIOLENCE AGAINST WOMEN IN GEORGIAhttps://georgia.unwomen.org/sites/default/files/Field%20Office%20Georgia/Attachments/Publications/2020/Violence%20against%20women.pdf
  4. სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 1511.
  5. კონვენციის განმარტებითი ანგარიში, გვ.62-63, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/geo-istanbul-convention-and-explanatory-report-a4/16808d24c5.
  6. 2022 წლის ანგარიში თვეების მიხედვით, საქსტატი, ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/19/2022-tslis-angarishi-tveebis-mikhedvit.
  7. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (მუხლი 52,53) .

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge