ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილი საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი დასაშვებად ცნო

2018 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რიგით მეოთხე საჩივარი წარადგინა. საქმე  რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას შეეხება.

საქართველოს ხელისუფლება მიუთითებს, რომ:

ა) რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადგილი აქვს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის შევიწროების, უკანონო დაკავებების, თავდასხმის, წამების, მკვლელობისა და დაშინების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. საჩივრის თანახმად აღნიშნული ადმინისტრაციული პრაქტიკა მიზნად ისახავს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაშინებას, იზოლირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას.

ბ) რუსეთის ფედერაციას აქვს დადგენილი ადმინისტრაციული პრაქტიკა და იგი არ იძიებს ზემოხსენებულ დარღვევებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, რაც ხელს უწყობს დაუსჯელობასა და დე ფაქტო იმუნიტეტს იმ პირებისთვის, რომლებიც დანაშაულს ჩადიან.

გ) მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები ხსენებული ადმინისტრაციული პრაქტიკის ნაწილს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მათი ინდივიდუალურად განხილვა სთხოვა. 

საქართველოს ხსენებული სახელმწიფოთაშორისი საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს:

მუხლი 2 - სიცოცხლის უფლება

მუხლი 3 - წამების აკრძალვა

მუხლი 5 - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

მუხლი 8 - პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება

მუხლი 13 - სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება

მუხლი 14 - დისკრიმინაციის აკრძალვა

მუხლი 18 - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები

მუხლი 1 დამატებითი ოქმი N1 - საკუთრების დაცვა

მუხლი 2 დამატებითი ოქმი N1 - განათლების უფლება

მუხლი 2 დამატებითი ოქმი N4 - მიმოსვლის თავისუფლება

რუსეთის ფედერაცია მიუთითებდა, რომ მას არ ჰქონდა ტერიტორიული იურისდიქცია, ხოლო დანაშაულის ჩამდენი პირები არ იყვნენ რუსეთის ფედერაციის კონტროლს დაქვემდებარებული. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეყრდნო რა უკვე განხილული სახელმწიფოთაშორის საქმის მიგნებებს -  საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) - აღნიშნა, რომ სულ მცირე 2018 წლის 23 მაისამდე (მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის განხილვის პერიოდში) სასამართლოს დადგენილი აქვს რუსეთის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ არსებობს ახალი მტკიცებულება აღნიშნული მიდგომის შესაცვლელად.  

სტრასბურგის სასამართლომ ადმინისტრაციული პრაქტიკის ორივე ელემენტთან  - „ქმედებათა განმეორებადობა“ და „ოფიციალურ შემწყნარებლობა“ - დაკავშირებული მტკიცებულებები დასაშვებობის ეტაპისთვის საკმარისად მიიჩნია და 2023 წლის 20 აპრილს საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (no. 39611/18) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის საქმეებს რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული პრაქტიკის მაგალითებად, ხოლო ინდივიდუალურ წარდგენილ საჩივრებში კი, ინდივიდუალურად განიხილავს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 19 მაისს ოკუპირებულ აფხაზეთთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ინტერესებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. კონკრეტული საქმის ფარგლებში, 2018 წლის 11 იანვარს საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) - ერთად სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართა. მითითებულ საქმეზე 2023 წლის 16 თებერვალს საქართველომ, როგორც მესამე მხარემ, პოზიცია წარადგინა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ საჩივარში მითითებულ პოზიციას დაეთანხმა.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge