ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეებზე დარღვევა დაადგინა

2022 წლის 1 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა დაადგინა. განმცხადებლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს იმის გამო, რომ მათ ვერ შეძლეს საქართველოში საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის მიეღწიათ და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერი მათი გენდერული იდენტობის შესაბამისად შეეცვალათ.

ევროპულ სასამართლოში ორი განმცხადებლის[1] საქმეს ა. დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ №57864/17 და ა. კ. საქართველოს წინააღმდეგ №79087/17   პარტნიორ ორგანიზაციასთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG აწარმოებდა[2], ხოლო მესამეს - ნიკოლო ღვინიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ №55353/19, ასევე, EHRAC-თან თანამშრომლობით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)[3].

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გენდერული იდენტობის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ თავისუფალი შეფასების ვიწრო ფარგლებში უნდა იმოქმედოს. ევროპულმა სასამართლომ გაუსვა ხაზი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ უზრუნველყოს სწრაფი, გამჭირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა. სასამართლოს დეტალურად არ განუმარტავს როგორი უნდა იყოს ეს პროცედურა, თუმცა ამის შესახებ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით WISG-ის მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტშია განმარტებული, რომ: „სწრაფი მექანიზმი გულისხმობს პროცედურას, რომლითაც უზრუნველყოფილია რაც შეიძლება მოკლე ინტერვალი განაცხადის შეტანიდან, ჩანაწერის ცვლილებამდე. მექანიზმი გამჭვირვალედ იქნება მიჩნეული თუ კანონით მკაფიოდ არის რეგულირებული სახელისა და სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების პროცედურა, მათ შორის ის, თუ რომელ უწყებას უნდა მიმართონ დაინტერესებულმა პირებმა განცხადებით. პროცედურის ხელმისაწვდომობა უფრო პრაქტიკულ ასპექტზე კონცენტრირდება და გულისხმობს ბარიერების აღმოფხვრას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს პირის ჯანმრთელობას, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობას. ხელმისაწვდომობის საკითხი ეხება ასევე ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რაც არ შეიძლება იქცეს ბარიერად ტრანს ადამიანისთვის“[4].

სასამართლოს განმარტებით, „წინამდებარე საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის მარკერის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომლითაც ნებადართულია პირის სქესის/სქესის ნიშნის შეცვლა სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში (სამოქალაქო აქტების შესახებ კანონის 78-ე მუხლის „ზ“ პუნქტი), კანონი დუმს იმ მოთხოვნებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით (მათ შორის, სამედიცინო სახის), რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ განხორციელდეს გენდერის სამართლებრივი აღიარება“[5]. იქვე, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს და ეროვნული სასამართლოების მხრიდან პასუხგაუცემელი კითხვა: რა სამედიცინო პროცედურების ჩატარება იყო საჭირო გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის არ იყო ცალსახა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სქესის შეცვლა უნდა შეფასებულიყო „ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური ან/და ანატომიური კრიტერიუმებით,“ იმის ფონზე, რომ ამის შესახებ საკანონმდებლო განმარტებები არ არსებობს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ტერმინების გამოყენება დიდ სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მაგალითად, თუ სქესის ცვლილება ბიოლოგიურ კრიტერიუმით უნდა შეფასდეს, მაშინ, ვერასოდეს იქნება შესაძლებელი სამართლებრივად გენდერის აღიარება/ცვლილება, რადგან გენეტიკური სქესი სამედიცინო სახით ცვლილებას არ ექვემდებარება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ „მკაფიო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობა უტოვებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებებს, რაც თვითნებური გადაწყვეტილებების საფრთხეს ქმნის გენდერის სამართლებრივი აღიარების თაობაზე განცხადებების განხილვას.“[6]

საია და ვისგი განაგრძობს ამ საქმეების აღსრულების მონიტორინგს როგორც მინისტრთა კომიტეტის, ისე, ეროვნულ დონეზე.

- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

 


[1] მათი საქმეები სასამართლომ ანონიმურად განიხილა ქვეყანაში არსებული მძიმე ჰომოფობიური და ტრანსფობიური მდგომარეობის გამო. 

[2] იხილეთ აქ: https://wisg.org/ka/news/detail/150/strasburgis-sasamartlo-ori-transgenderi-adamianis-sakmes-ganikhilavs

[3] იხილეთ აქ: https://www.gyla.ge/ge/post/transgenderi-mamakacis-genderis-samartlebriv-aghiarebaze-saqartvelos-uari-saiam-adamianis-uflebata-evropul-sasamartloshi-gaasachivra#sthash.NF68o5ww.dpbs

[4] ბახტაძე ქ., „გენდერის სამართლებრივი აღიარება საქართველოში - პოლიტიკის დოკუმენტი“, WISG, 2022, 35. ხელმისაწვდომია აქ: t.ly/xvDV

[5] §74

[6] §76


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge