2024 წლის 30 აპრილს და 1 მაისის გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო, გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. ქვემოთ მიმოხილული იქნება დეტალები.
- აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება:
აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო 2 საფუძვლით: (1) არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზეზით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი; (2) ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა.
დაცულია ნებისმიერი შეკრება, რომელიც არ არის ძალადობრივი ან მისი მონაწილეები არ აპირებენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენას. „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაცულია, მათ შორის, პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მაშინ, როდესაც შეკრების მონაწილეებს არ ჩაუდენიათ და არც გეგმავენ ძალადობრივ ქმედებებს და, თავის მხრივ, შეკრება სახელმწიფოში დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ვინაიდან, შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიზნები მშვიდობიანი იყო, დაცულია მათი გამოხატვისა და შეკრების უფლება, მით უფრო, რომ პარლამენტში კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულებული იყო, და, საპარლამენტო სამუშაო პროცესს ხელი არ ეშლებოდა. Ამასთან, შესასვლელებთან აქციის მონაწილეების დაშლის საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, ეს ვერ იქნებოდა მთლიანი აქციის დარბევის წინაპირობა, რადგან მცირე ჯგუფთან დაკავშირებული სადავო გარემოებები, ავტომატურად არ აქცევს სხვაგვარად მშვიდობიან აქციას არამშვიდობიანად.
- აქციის დარბევისას გამოყენებული აქტიური სპეციალური საშუალებები
საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, გამოყენებული იყო: ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები.
სპეციალური ღონისძიების დაწყებამდე, პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეები, მისცეს მათ გონივრული ვადა (არანაკლებ 30 წუთი) კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. 23:37 საათზე, ხმოვანი გაფრთხილების გაჟღერებს პარალელურად სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, ისე, რომ Აქციის მონაწილეებს არ მიეცათ გონივრული ვადა გაფრთხილებაზე რეაგირებისთვის. Სპეციალური დანიშნულების რაზმი აგრძელებდა წყლის ჭავლის გამოყენებას გაფრთხილების პარალელურად ან გაფრთხილებიდან რამდენიმე წამის ინტერვალით. Გაფრთხილება არ უძღოდა წინ ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენებას (23:21). Რაც შეეხება რეზინის ტყვიების გამოყენებას, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი ჟურნალისტთან საუბრისას (ტვ პირველი, 01:41) საერთოდ უარყოფდა რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს, მიუხედავად მედიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური საშუალების გამოყენებას ადასტურებს.
Საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს (ტვ პირველი, 02:57) და მშვიდობიან დემონსტრანტებს, სახის არეში, დამიზნებით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ახლო მანძილიდან ასხურებდნენ წიწაკის სპრეის. დამიზნებით ისროდნენ, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებსაც. Ყოველივე ეს სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს დ სტანდარტებს არღვევს. Სპეციალური დანიშნულების რაზმი ერთდროულად იყენებდა რამდენიმე სპეციალურ საშულებას, მათ შორის წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს.
Სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტს არღვევს, ასევე, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება, თუ მონაწილეებს არ აქვთ საკმარისი თავისუფალი სივრცე დაკავებული ტერიტორიის დასატოვებლად. მიუხედავად ამისა, პარლამენტის უკან მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის დროს, აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, მათ არ ჰქონდათ საკმარისი სივრცე, რათა დაეტოვებინათ ის ტერიტორია, რომელზეც საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და ფიზიკურ ძალას იყენებდნენ. Ასევე, Საპროტესტო აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, აქციის დარბევის საწყის ეტაპზე მმობილიზებული სასწრაფო დახმარების ჯგუფების რაოდენობა დაშავებულთა რაოდენობასთან შედარებით, არაპროპორციულად დაბალი იყო.
- აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა
გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში. სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არაერთი პირი, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ წიხლებით დგებოდნენ.
Კერძოდ, გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალებით, ასევე, აქციაზე მყოფი პირების ინფორმაციის თანახმად, ხალხის დარბევისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირდა არაერთი არასათანადო მოპყრობის ფაქტი: გინება, ცემა, სახეში გარტყმა, მოქალაქის ალყაში გატაცება და მისი უმოწყალოდ ცემა, დაწოლილი მოქალაქის თრევა. ხაზგასასმელია, რომ მსგავსი მოპყრობის მსხვერპლნი იყვნენ ქალები და ბავშვები, საქართველოს პარლამენტის წევრები (ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი), ჟურნალისტები. აქციის მონაწილეთა დევნა გაგრძელდა მეტროშიც.
- Აქციის დარბევისას ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავება
მიმდინარე აქციის ფარგლებში საპოლიციო ძალების წარმომადგენლები აგრძელებდნენ უკანონო დაკავებების პრაქტიკას. ამ აქციაზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, დაკავებისას, პოლიციის კორდონში მოქცევამდე და მას შემდეგ კი, ფიზიკურად ძალადობდნენ მათზე. საყურადღებოა, რომ საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკად სცემეს.
1-ლ მაისს, 10:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 63 პირი. Ამ ეტაპისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შემოსულია ინფორმაცია 50-ზე მეტი დაკავებული პირის შესახებ. ჩვენ უკვე მოვინახულეთ 15-ზე მეტი დაკავებული, რომელთა უმრავლესობა არის ნაცემი, რაც მიუთითებს პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ დაკავებულებს, რომელთა ადგილმდებარეობის დადგენა საკმაოდ გაჭირდა. არც ამჟამად გვაქვს ინფორმაცია ყველა დაკავებულის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რამდენიმე მათგანის შესახლება იზოლატორებში ახლაც მიმდინარეობს.
Მოვუწოდებთ:
- ქართულ ოცნებას, უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე;
Სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: მოახდინოს მყისიერი რეაგირება, უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება. არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
Საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე
Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
Ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
უფლებები საქართველო (RG)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge