28 სექტემბერი – ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე

28 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, 14:00 საათზე, ქალაქ გორში, გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და მონაწილეობა დემოკრატიულ მხარდაჭერაში“. მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო.

2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ საქართველოსთვის დახმარების გასაწევად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, სავალუტო ფონდი), აგრეთვე ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა დონორები მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფას გეგმავენ. ეს თანხები ქვეყანას ომის შედეგად მიღებული ზარალის შემცირებასა და შედგომ განვითარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება, თუმცა, იმისთვის, რომ თანხები სწორად განაწილდეს, სწორად დაიხარჯოს და სწორი შედეგები მივიღოთ, აუცილებელია, რომ მათ პრიორიტეტებად გადანაწილებისა და განკარგვასთან დაკავშირებული პროცესები საჯაროობისა და მონაწილეობის პრინციპების დაცვით წარიმართოს.

ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს ინფორმაცია გამოყოფილი დახმარებების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დახმარებების განაწილება და ხარჯვა საზოგადოების მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობდეს. სწორედ ამ საკითხზე – საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების განკარგვის გამჭვირვალობის მექანიზმებზე იმსჯელეს მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა და მონაწილე ორგანიზაციებმა.

ორგანიზატორმა ორგანიზაციებმა ასევე გაავრცელეს  ერთობლივი განცხადება ”საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების პრიორიტეტების მიხედვით განაწილებისა და მათი განკარგვის გამჭირვალობის შესახებ”.

შეხვედრას ესწრებოდნენ  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

 

ღონისძიება განხორციელდა ეუთოსა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.


სამოქალაქო საზოგადოების განცხადება “საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების პრიორიტეტების მიხედვით განაწილებისა და მათი განკარგვის გამჭვირვალობის შესახებ”

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge