28 აპრილის კენჭისყრის დღის შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 აპრილს ვანსა და ხონში მაჟორიტარული სისტემით გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა. 

კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხონის #5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის პროცესი. ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც საარჩევნო კანონმდებლობით 3%-იანი ზღვარის გადამეტება  განაპირობა. 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე  გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩევლების დამატებით შეყვანა გამონაკლისს აღარ წარმოადგენდა, რაც ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ

აღნიშნულმა შემთხვევებმა დღის წესრიგში დააყენა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა,  რომ სავარაუდოდ, დაირღვა ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამასთან, შესაძლოა, ჩვენს მიერ გადამოწმებული ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნების შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. აგრეთვე, არ არის გამორიცხული რომ მსგავს ფაქტებს  შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სხვა საარჩევნო უბნებზე.

ცალკეულ შემთხვევებში, საიას დამკვირვებლები სავარაუდო დარღვევებს აფიქსირებდნენ, რაც ზეპირი შენიშვენების დაფიქსირების შემდეგ აღმოიფხვა. ასეთ შემთხვევებში საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ

კვლავ დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებნენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა.  აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. 

საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები

რიგი პროცედურული დარღვევები

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე  -  4 შემთხვევა (ვანის #6, #9 ხონის #26 საარჩევნო უბნები)

კომისიის წევრთა მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტები:

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდნენ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის მიერ დანიშნული  წევრები. ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადებულა „ევროპული საქართველოს“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი.

ინფორმაცია საარჩევნო მისიაზე

ვანსა და ხონში გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს საიას ოცამდე დამკვირვებელი აკვირდებოდა როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე. საია აგრძელებს არჩევნების შემდგომი პერიოდის დაკვირვებას და დაკვირვების შედეგების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge