2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 15 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას აცნობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოგაწოდებთ ინფორმაციას საარჩევნო გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც დაფიქსირდა კენჭისყრის მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შემუშავებული რეგულაციების ფარგლებში საია განსაკუთრებულად აკვირდება უბნის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას, კერძოდ, 100-მეტრიან პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით წესების დაცვას. Ამ დროისთვისაც აქტიურად გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი. გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით 14 შემთხვევაში დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ქუთაისში 63-ე და 90-ე უბანზე გამოძახებული პატრული არ მოსულა. Ხოლო ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მრავლად მობილიზებისა, პოლიცია არ რეაგირებდა.
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა დარღვევები, რომლებზეც საიას დამკვირვებლებმა ან საჩივარი დაწერეს, ან შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. ეს შემთხვევები მოიცავს მარკირების წესების დარღვევას, სადემონსტრაციო ოქმების არასათანადო შევსებას, სათანადო დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადაცვლას წესების დაცვის გარეშე, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას უბნის შიგნით და Covid-19-ის რეგულაციების უგულებელყოფას.
მარნეულის მე-7 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა გამოავლინა ძირითად ყუთში კონვერტების (ამ ეტაპზე ჩვენთვის არ არის ცნობილი კონვერტებში იდო თუ არა ბიულეტენები) ჩაყრის შემთხვევა, Რაზეც საიამ დაწერა საჩივარი და გადათვლა მოითხოვა.
ზოგიერთ უბანზე Საიას დამკვირვებლებზე ზეწოლა მოხდა. მათ არ ეძლევათ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა:
- ბათუმის 44-ე უბანზე დამკვირვებლის თემურ ირემაძეს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი დაემუქრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს;
- Ჩუღურეთის მე-16 უბანზე საიას დამკვირვებელს, მას შემდეგ, რაც უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მობილიზება შეამჩნია და ფოტო/ვიდეო გადაღება დაიწყო, ერთ-ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;
- ისნის 64-ე უბნიდან საიას დამკვირვებელი უსაფუძვლოდ გააძევეს მას მერე, რაც ის ფოტო/ვიდეო გადაღებით ცდილობდა კაბინების არასათანადოდ განთავსების დაფიქსირებას;
- ვაკის მე-4 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების საშუალება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დახია მიწოდებული საჩივარი, ხოლო მისი ავტორი (საიას დამკვირვებელი) გააძევა საარჩევნო უბნიდან;
- Ზუგდიდის 90-ე უბანზე საიას დამკვირვებელს შეუზღუდეს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, შემდგომ კი უბნიდან გააძევეს.
15 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 51 საჩივარი და შენიშვნა დაწერეს.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.
არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობაზე საია დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენციას ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია კენჭისყრის დღეს 11, 16 და 21 საათზე გაიმართება. 3 ოქტომბერს საია შემაჯამებელ პრესკონფერენციას 12:00 საათზე ჩაატარებს.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge