საია აფასებს 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, რომელსაც საია თბილისისა და 9 რეგიონის 28 საარჩევნო ოლქში 300 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.
კენჭისყრის დღეს საიას დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით სულ 78 საჩივარი დაწერეს. მათ შორის 36 საჩივარი უბანზე და 42 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში. ასევე საიას დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 35 შენიშვნა.
საიას შეფასებით, კენჭისყრის დღე ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, თუმცა, დაფიქსირდა არსებითი დარღვევები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები: სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტები; არჩევნების ძირითადი პრინციპების - ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევები და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები. ცალკეულ უბნებზე საიას დამკვირვებლებს შეეზღუდათ დამკვირვებლის უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, დაფიქსირდა საიას დამკვირვებლების მიმართ აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარის ფაქტები, როგორც ხმის მიცემის პროცესში, ასევე შედეგების შეჯამებისას. შედეგების შეჯამებისას ცალკეულ უბნებზე დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები. მთლიანობაში ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი. გამონაკლისი იყო მარნეულის #59 უბანი.
ამ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში). საია ასევე დააკვირდება სხვა სუბიექტების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის პროცესსაც და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო, არჩევნების დღის (I და II ტური) და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს მოგვიანებთ წარუდგენს საზოგადოებას.
სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები:
- საიას დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტი ისნის #62 უბანზე, აგრესიის და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის ფაქტები - ახალქალაქის #20, მარნეულის #65, მარნეულის #49 და ქუთაისის #98 საარჩევნო უბნებზე;
- საიას დამკვირვებლების გაძევება გურჯაანის #1 და #15 უბნებიდან.
ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი
- მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მარნეულის #59 უბნის გარეთ. ამ ფაქტთან დაკავშირებით საია აგრძელებს საკითხის შესწავლას და საზოგადოებას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდის;
- წალენჯიხის #10 უბანზე ბიულეტენების დათვლისას 19 ბიულეტენის ბათილობა გამოიწვია მასზე რეგისტრატორის ხელმოწერების არარსებობამ. აღნიშნულთაგან 2 შემთხვევაში შემოხაზული იყო ნომერი 48, ხოლო დანარჩენ 17 შემთხვევაში - ნომერი 5. საიას დამკვირვებელმა მოითხოვა რეგისტრატორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;
- გარდაბნის #2 უბანზე ბათილად იქნა მიჩნეული 5 ბიულეტენი, მიუხედავად იმისა, რომ მასში ცალსახად იკვეთებოდა ამომრჩევლის ნება. საიას დამკვირვებელმა მოითხოვა ბათილი ბიულეტენების ხელახალი გადათვლა და კომისიის შესაბამისი წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება;
- ქუთაისის #98 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ინგა აშვეთია ხმების დათვლის ეტაპზე უხეშად არღვევდა კომისიის წევრის ეთიკის ნორმებს, კერძოდ, ხმების დათვლის დროს იმ ბიულეტენის აღმოჩენის შემდეგ, რომელზეც შემოხაზული იყო 48, ხმამაღლა გამოთქვამდა სიხარულის/კმაყოფილების შეძახილებს. აღნიშნულზე მითითებულ იქნა საიას დამკვირვებლის მიერ, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებელს დაემუქრა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჰქონდა ფიზიკური ძალადობის მცდელობაც;
- საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩანაწერთა წიგნი დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს შემდეგი უბნებიდან: ჩუღურეთის #13; ისნის #43 და #48; გლდანის #10, #12, #19, #32, #58, #103. ასევე დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნის არასათანადოდ დალუქვის ფაქტები გლდანის #21 #34, #69, #81 საარჩევნო უბნებზე.
- საოლქო საარჩევნო კომისიაში დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს ისნის #9 საარჩევნო უბნის ბეჭედი.
სხვა ტენდენციები
- გადასატანი ყუთის სიის ფორმირება (დუშეთის ამომრჩეველთა რაოდენობა ამავე უბნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის 3%-ს აღემატებოდა (დუშეთში არსებული 50 უბნიდან - 11 უბანზე; ბათუმის #41-ე და #43-ე უბნები; ქობულეთის #42-ე უბანი);
- რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ ნეიტრალური დაკვირვების პრინციპების დარღვევა (ამომრჩეველთა ნების კონტროლის განხორციელება - (ახმეტის #4 უბანი); გურჯაანის #19 უბანი - მარნეულის #65) ამომრჩეველთა მობილიზება უბანზე (გარდაბნის 43-ე უბანი) არაუფლებამოსილი პირის რეგისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად (სამგორის #86 უბანი).
საია პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერ რეაგირებას საიას შეტყობინებზე. კერძოდ, გარდაბნის #58 და ახალქალაქის #20 უბნებზე ჯგუფების გაგზავნით ამ უბნებზე სავარაუდო დაძაბულობის პრევენციისა და აღკვეთისთვის.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (300 დამკვირვებლის საშუალებით).
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 170-მდე საარჩევნო უბანში. 28 საარჩევნო ოლქში 57 მობილური ჯგუფისა და 46 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.
ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:
- წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით);
- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;
- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);
- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოში, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, ბრიტანეთის საელჩოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge