2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური: კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

დილის 10:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. თუმცა, ამ დროისათვის ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება. კერძოდ:

ამ დროისათვის საიას დამკვირვებლების მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 7 ფაქტი დაფიქსირდა (კახეთში -5, ახალქალაქში - 2), რა დროსაც კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი მის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირების შესაძლებლობას ცალკეული ორგანიზაციების დამკვირვებლებს ან/და კომისიის წევრებს აძლევდა.

- ახალქალაქის #1 საარჩევნო უბანი - კაბინიდან გამოსულმა ორმა ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი და მასზე დაფიქსირებული არჩევანი დამკვირვებლებს უჩვენა;

- ახმეტის #4 უბანი - ამომრჩეველმა ბიულეტენი აჩვენა  სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელს;

- ახმეტის #12 უბანი -  ორმა ამომრჩეველმა საუბნო საარჩევნო კომისიის საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ წევრს ბიულეტენზე დაფიქსირებული ნების იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა.

- გურჯაანის #19 უბანი - ორმა ამომრჩეველმა დაფიქსირებული არჩევანი „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელს აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიას“ 2926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრიებული ცესკოში, ხოლო „კავშირი 21-ე საუკუნეს“- 3174 დამკვირვებელი.

ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს კაბინიდან ბიულეტენები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაენახათ დაფიქსირებული არჩევანი.

 

ნების კონტროლი უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე

გლდანის #79, #80, #81 უბნები მდებარეობს ერთ შენობაში, რომლის ფოიეშიც მობილიზებულნი არიან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები. მათ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია. მითითებულ უბნებზე მისული ამომრჩევლები  თავდაპირველ აღრიცხვას მათთან გადიან და ამის შემდგომ ხდება ამომრჩევლის შესვლა შესაბამის საარჩევნო უბანზე. აღნიშნულ პირები ამავე შენობაში არსებულ ერთ-ერთ ოთახს სამუშაო სივრცედ იყენებენ. ანალოგიურად ხდება ამომრჩეველთა აღრიცხვა ნაძალადევის #37-ე, #38-ე, #40-ე უბნებზე.

 

ამ დროისათვის დაფიქსირებული პროცედურული  დარღვევები:

> გადასატანი საარჩევნო ყუთის სია

გარდაბნის 43-ე უბანზე დილის 07:40 წუთზე ადგენდნენ გადასატანი ყუთის სიას, რომელსაც ხელით ამატებდნენ ამომრჩევლების პირად ნომრებს. მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა დარღვევა, კომისიის წევრები ახსნა-განმარტებების წერას შეუდგენდნენ.

ამ უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ჯაბა აბრამაშვილი ჩართულია ამომრჩევლის უბანზე მობილიზების პროცესში.

 

> უბნის დაგვიანებით გახსნა

დაგვიანებით გაიხსნა ახალქალაქის #69 სააარჩევნო უბანი, ვინაიდან უბანზე 07:00 საათისთვის კომისიის მხოლოდ 4 წევრი გამოცხადდა. უბნის გახსნა მხოლოდ 07:50 -ზე მოხერხდა.

 

> წილისყრის პროცედურების დარღვევა

ახალქალაქის #63 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ყველა ფუნქციის გამოსავლენად წილისყრა ჩატარდა ერთად. საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამ უბანზე წილისყრა თავიდან ჩატარდა და დარღვევა აღმოიფხვრა.

ბათუმის #13 და ქობულეთის #3 და #31 უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად წილისყრის პროცედურებში მონაწილეობაზე.

 

> დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა

იმის მიუხედავად, რომ ცესკომ გააფრთხილა საოლქო საარჩევნო კომისიები, რომ დამკვირვებლის მოწმობებთან დაკავშირებით დამკვირვებლებისთვის პრობლემები არ შეექმნათ,  ახალ დამკვირვებლის მოწმობას სთხოვდნენ და უბანზე არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს კრწანისის #11, ახალქალაქის #2, #12, #16, #63 და ახმეტის #6 უბანზე. მოგვიანებით, საარჩევნო კომისიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად, საიას დამკვირვებლები შეუშვეს აღნიშნულ უბნებზე.

არჩევნების პირველ ტურზე ცესკოში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე და სპეციალურად მეორე ტურისთვის ახალი დამკვირვებლის მოწმობების ქონა ასეთი დამკვირვებლებისთვის სავალდებულო აღარ იყო. 

ამ ეტაპზე საიას დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ 6 საჩივარი: 3 საჩივარი - უბანზე, 3 საჩივარი ოლქში, ასევე ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 3 შენიშვნა.

 

 

საიას სადამკვირვებლო მისია  კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტურის კენჭისყრის დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (300 დამკვირვებლის საშუალებით).

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 170-მდე საარჩევნო უბანში. 28 საარჩევნო ოლქში 57 მობილური ჯგუფისა და 46 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:

- წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით);

- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გარემოში, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.   

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 3 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1). პრესკონფერენცია გაიმართება 28 ნოემბერს: 14:00 საათზე, 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 29 ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, ბრიტანეთის საელჩოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასდა მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge