კომისიის უმრავლესობის მხარდაჭერით მიღებული სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეალური არჩევანის საშუალებას არ აძლევს.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი კანდიდატურების შერჩევის პროცესს. კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული კონკურსის შედეგები არის უსამართლო, არ იძლევა რეალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ის უნდა გაუქმდეს, შემდეგი მიზეზების გამო:
- საუკეთესო ხუთეულში, და შემდეგ მთავრობის მიერ შერჩელ სამეულში, სახელისუფლებო წარმომადგენლების მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად ვერ მოხვდნენ ძალიან მაღალი კომპეტენციისა და რეპუტაციის მქონე კანდიდატები, მაშინ როდესაც შეირჩნენ მეტად საკამათო კვალიფიკაციის და რეპუტაციის კანდიდატები.
- ხელისუფლებამ აღნიშნული კონკურსი გამოიყენა როგორც ინსტრუმენტი, სასამართლო სისტემისთვის მიუღებელი გზავნილის გასაგზავნად, რომ მორჩილი მოსამართლეები იქნებიან წახალისებული, ხოლო დამოუკიდებელი და კომპეტენტური კადრები - მიზანმიმართულად დაბლოკილი მაღალი სამოსამართლეო თანამდებობების გზაზე.
აქედან გამომდინარე არ მივიჩნევთ მიზანშეწონილად ევროპის საბჭოს მიერ იმ სიის განხილვას, რომელიც წარდგენილ იქნა კომისიის და შემდგომ მთავრობის მიერ.
კომისიის შემადგენლობა და მიზნები
მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ არ დაამტკიცა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სია იმ არგუმენტით, რომ „ყველა კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის კრიტერიუმს“[1], 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისათვის მათი წარდგენის მიზნით, კვლავ შეიქმნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისია [2]. კომისია ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
დ) საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი;
ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;
ვ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;
ზ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი;
თ) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი;
კ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი;
ლ) „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი;
მ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ნ) კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი.[3]
დადგენილების თანახმად, სამთავრობო კომისიაში ერთი ხმით კვლავ წარმოდგენილი იყო კოალიცია − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კომისიაში ნომინალური იყო, ვინაიდან ჩვენს ხმას გადამწყვეტი ძალა არ ქონდა, მაგრამ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფდა პროცესის ღიაობას, გამჭვირვალობასა და საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემას. ამიტომაც, კოალიცია კვლავ ჩაერთო აღნიშნული კომისიის მუშაობაში.
დადგენილების თანახმად, კომისიის მუშაობის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეალური არჩევანის საშუალებას მისცემდა.
კოალიციის შეფასება
კოალიცია ევროსაბჭოს მიერ სამკაციანი სიის არდამტკიცების შემდეგ, ხელახლა გამართული კანდიდატთა შესარჩენი კონკურსისას კომისიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს და თვლის, რომ კომისიამ ამჟამადაც ვერ გაართვა თავი მისიას. ისევე, როგორც წინა კონკურსში, მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ ნათელი გახადა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები, ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ - მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას. შედეგების გამოცხადებისთანავე, როგორც კოალიციის წარმომადგენლის[4] ისე, სახალხო დამცველის მხრიდან ეჭვქვეშ დადგა კომისიის ზოგიერთი წევრის ობიექტურობის საკითხი[5], გაკრიტიკებულ იქნა კეთილსინდისიერი და მაღალი კომპეტენციის კანდიდატების დარჩენა სიის მიღმა.
წარმოდგენილი კონკურსი და შერჩეული სამეულში მაღალი კომპეტენციის კონკურსანტების ვერ მოხვედრა, კომისიის სახელისუფლებო წევრების მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად, წინასწარი განზრახვით, მიზნად ისახავდა სიის ისეთი კანდიდატებით დაკომპლექტებას, სადაც პრაქტიკულად უკონკურენტო გამოჩნდებოდა ერთ-ერთი კანდიდატი. მართალია, საუკეთესო სამეულში მოხვდნენ ადამიანები, ვინც კომისიის ფართო შემადგენლობის (მათ შორის კოალიციის წარმომადგენლის, სახალხო დამცველის და სხვ) დადებითი შეფასება დაიმსახურა, თუმცა, აქ არსებითია ის გარემოება, რომ ამ ადამიანებს, კომისიის სახელისუფლებო წევრების შეთანხმებული მოქმედებით ხელოვნურად და უსამართლოდ ჩამოაშორეს სხვა ძლიერი კონკურენტები, რომლებსაც მიზანმიმართულად კომისიის სახელისუფლებო წევრებმა დაუწერეს მინიმალური ქულები, მაშინ როდესაც მათ ძალიან მაღალი შეფასებები მისცეს კომისიის არასახელისუფლებო წევრებმა და ეს ადამიანები მაღალი რეპუტაციით სარგებლობენ პროფესიულ წრეებსა და საზოგადოებაში.
მაგალითად, კონკურსში სასამართლო ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობდა, თუმცა სახელისუფლებო წევრების მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასებები დაიმსახურეს სამოსამართლო კორპუსის ცნობილმა წარმომადგენლებმა (ნინო ბაქაქური,[6] ქეთევან მესხიშვილი[7], კონსტანტინე ვარძელაშვილი[8]), მაშინ როცა ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურეს საკამათო კომპეტენციის და კვალიფიკაციის მქონე მოსამართლეებმა (თამარ ალანია, შოთა გეწაძე[9]), რომლებიც ამავდროულად არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და ამ სტატუსით მიღებული უკანონო და თვითნებური გადაწყვეტილებების გამო, რომლებმაც კრიზისში შეიყვანა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა, არაერთხელ გამხდარან სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკის სამიზნე.
ამასთან, სახელისუფლებო წევრების მიზანმიმართული მოქმედებების შედეგად, კომისიის მიერ შერჩეულ საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩნენ მაღალი კვალიფიკაციის და რეპუტაციის მქონე სხვა იურისტებიც (მაგალითად, კონსტანტინე კორკელია[10], ბესარიონ ბოხაშვილი[11]), რომლებსაც ადამიანის უფლებათა სფეროში, მათ შორის უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოსთან მიმართებაში მუშაობის არაერთწლიანი გამოცდილება, მაღალი სამეცნიერი ხარისხი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსებები გააჩნიათ.
გვსურს, დამატებით, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის მომწესრიგებელი კანონმდებლობასა და გამოვლენილი ხარვეზებზე:
ჩატარებულმა კონკურსებმა გვაჩვენა, რომ კომისიის დაკომპლექტების წესი გადასახედია. მიზანშეწონილი არ არის კომისიის მუშაობაში ჩართული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვინაიდან საბოლოოდ სტრასბურგში გასაგზავნ სიაში კანდიდატების შერჩევა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა, მიზანშეწონილია რომ შერჩევის ეტაპზე კომისია უპირატესად დაკომპლექტებული იყოს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი კადრებით და არა ამა თუ იმ სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლებით.
აღსანიშნავია, რომ კომისიის დებულება არ არეგულირებდა ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, ასევე უზრუნველყოფილი არ იყო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმი.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესარჩევ ორივე კონკურსში რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით დაფიქსირდა რადიკალურად განსხვავებული შეფასებები, რაც კითხვის ნიშნებს აჩენდეს კომისიის წევრების ობიექტურობასთან დაკავშირებით.
შეჯამების სახით ავღნიშნავთ: ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციას მიაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე მეორედ ჩატარებული კონკურსიც არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება.
[1] კოალიციამ 2016 წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში კომისიის სხვა წევრების, საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და ფართო საზოგადოების ყურადღება გაამახვილა იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე, რაც ახასიათებდა კომისიის მიერ განხორციელებულ კანდიდატთა შერჩევის პროცესს. აღნიშნული შენიშვნები და მოსაზრებები, კოალიციამ, ასევე გაუგზავნა ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს.
[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3586117 - 2017 წლის 20 თებერვლის # 93 დადგენილება „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“
[3] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3586117 - 2017 წლის 20 თებერვლის # 93 დადგენილება „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
[4] http://netgazeti.ge/news/197348/ - ნაცვლიშვილი: სტრასბურგის მოსამართლეობის ძლიერი კანდიდატები საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩნენ.
[5] http://netgazeti.ge/news/197359/ - ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სია კვლავ ჩავარდეს
[6] უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ პარლამენტის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად. 10 წელზე მეტი სამოსამართლო სტაჟით, ამჟამად მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) წევრი, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) ad hoc წევრი, საქართველოს წარმომადგენელი, ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი - წევრი. ჩაბარებული აქვს ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, საერთო სპეციალობით, ნიუ-იორკის შტატი. ექსპერტი/ტრენერი. არაერთი პუბლიკაციის ავტორი/ თანაავტორი.
[7] 10 წელზე მეტი სამოსამართლო გამოცდილებით, 2010 წლიდან დღემდე საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. სრული პროფესორი - კერძო სამართალი, ექსპერტი/ტრენერი. არაერთი პუბლიკაციის ავტორი/ თანაავტორი.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და პირველი კოლეგიის თავმჯდომარე 2006 წ. ოქტომბერი - 2016 წ. ოქტომბერი, 2012 წელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს Ad Hoc მოსამართლე. 2012 – 2016 წლებში: ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, თავმჯდომარის მოადგილე, გაერო. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი.
[9] გარდა სამოსამართლო ამპოლუაში მიღებული მეტად საკამათო გადაწყვეტილებებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი წევრობის პერიოდში ინტერესთა კონფლიქტის პირობებში იგი მონაწილეობას იღებდა საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა დაწინაურების კონკურსში, ამ პროცესში იგი მონაწილეობას იღებდა დაწინაურების თაობაზე საბჭოში გამართულ მსჯელობაში და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური წინააღმდეგობის შემდეგ მიმართა თვითაცილებას.
[10] სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სრული პროფესორი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე და პრეცედენტულ სამართალზე არაერთი პუბლიკაციის ავტორი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში, ადამიანის უფლებათა სამართლის შესახებ მოსამართლეთათვის მრავალი ტრეინინგისა და სასწავლო კურსის ავტორი.
[11] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამხრეთ კავკასიის ოფისის ეროვნული ოფიცერი, ევროპის საბჭოს ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის წევრი, ევროკავშირის პროექტის - „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ გუნდის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს სახელმწიფოს ყოფილი წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა სამართლის შესახებ მოსამართლეთათვის მრავალი ტრეინინგისა და სასწავლო კურსის ავტორი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge