2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დღის შეფასება
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას აკვირდებოდნენ მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნებზე, დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნებზე, ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანზე, ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანზე, ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნებზე, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანზე, ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანზე, ასევე ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანზე.
უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებითი კენჭისყრა 14 უბანზე გაიმართა, აქედან 6 უბანზე კენჭისყრა საიას საჩივრების დაკმაყოფილების შემდეგ ჩატარდა.
კენჭისყრის, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ძირითადად დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომლებზეც საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 2 (1) საჩივარი და 8 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. რვავე შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნები გათვალისწინებული იქნა, რის გამოც საჩივრები აღარ დაიწერა.
საჩივრები და შენიშვნები ძირითადად შეეხებოდა შემდეგ დარღვევებს:
• უბნის არასათანადო მოწყობა - (4 შემთხვევა)
• წილისყრის პროცედურების დარღვევები - (1 შემთხვევა)
• არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე - (1 შემთხვევა);
• გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები - (1 შემთხვევა);
• კომისიის წევრის მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება - (2 შემთხვევა)
ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების შემდგომ დაახლოებით 22:40 წუთზე ინციდენტი მოხდა ზუგდიდის #32 უბნის მიმდებარე ტეროტორიაზე. კერძოდ, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაუდგენელი პირების მიერ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გასროლა, რასაც ადგილზე მღელვარება მოჰყვა. ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, პოლიციამ ინციდენტში მონაწილე 3 პირი დააკავა.
განმეორებითი კენჭისყრის დაკვირვების შედეგები აისახება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მისიის შემაჯამებელ ანგარიშში. აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე საია საარჩევნო ადმინისტრაციასა და ხელისუფლებას მიაწვდის რეკომენდაციებს არჩევნების კიდევ უფრო დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) - ის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
(1) საიამ ხონის #22 საარჩევნო უბანზე ერთ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge