2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულმა სამმა პირმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოსარჩელეთა შორის 1 ჟურნალისტი და აქციის 2 მონაწილეა. სასამართლოში მათ ინტერესებს საია იცავს.
ჟურნალისტი 20-21 ივნისის მოვლენების ეპიცენტრში პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაზიანდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა მხარში, რის შედეგადაც მხრის ღია სისხლმდენი ჭრილობა და მარცხენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობა მიიღო. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ერთ-ერთი მოსარჩელე აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში რეზინის ტყვიები მაშინ მოხვდა, როდესაც აქციის დაშავებული/წაქცეული მონაწილეების დახმარებას ცდილობდა. თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანა, რამაც შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მორალურ ზიანთან ერთად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.
კიდევ ერთი მოსარჩელე ასევე რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა. მას ტყვია ქვედა ყბის არეში მოხვდა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, იგი დამატებით მკურნალობას მომავალშიც საჭიროებს. იგი ამ ეტაპზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ახლო მომავალში საია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დაზარალებულების სახელითაც წარადგენს სარჩელებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge