18 ივლისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის ჩატარებამდე განვითარებული მოვლენები შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენდა
ხელმომწერი ორგანიზაციები 18 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის „Stop Russia” ჩატარებამდე განვითარებულ მოვლენებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად ვაფასებთ. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით. ამ ვალდებულებების საპირისპიროდ, პოლიციელთა ქმედებები მიმართული იყო მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის, ამ უფლებით სარგებლობაში ხელის შეშლისაკენ და არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზნებს.
აქციის დაწყებამდე მოვლენები ქრონოლოგიურად ასე განვითარდა:
დილიდან აქციის ორგანიზატორებს კანცელარიის შენობის მიმდებარედ სცენის დამონტაჟების შესაძლებლობას პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ არ განუმარტავდნენ აღნიშნული შეზღუდვის სამართლებრივ საფუძველს.
აღსანიშნავია, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არ არის აკრძალული სასცენო კონსტურქციების განლაგება იმგვარ ადგილებში, რასაც შედეგად ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა არ მოჰყვება. ორგანიზატორთა განმარტებით, სცენის დამონტაჟება იგეგმებოდა კანცელარიის წინ არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც არ განეკუთვნება ტრანსპორტის სამოძრაო ადგილს და მას შედეგად გზის გადაკეტვა არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ამდენად, პოლიციელთა ქმედება, არ დაეშვა სცენის გამართვა მთავრობის კანცელარიის წინ, არ შეიძლებოდა ნაკარნახევი ყოფილიყო კანონის მოთხოვნებიდან.
დაახლოებით 14:00 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი
დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება სწორედ სცენის დამონტაჟებასთან დაკავშირებულ საკითხის გარკვევას
მოჰყვა. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული მუხლის გამოყენება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ერთგვარ ,,იარაღს“ წარმოადგენს, როდესაც აქციის მონაწილის დაკავება სრულიად უსაფუძვლოდ, პოლიციის თანამშრომლის კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით ხორციელდება. გავრცელებული კადრებით არ იკვეთება ლექსო მაჭავარიანის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ამდენად, მისი დაკავება სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს.
14:30 წუთისათვის
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანა, რომელშიც მოთავსებული იყო სცენის კონსტრუქცია, პოლიციის მითითებით გადაადგილდა და აქციის ორგანიზატორებისათვის უცნობი იყო მისი ადგილსამყოფელი. ასევე ვერ ხერხდებოდა მძღოლთან დაკავშირება.
მართალია, მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა შეძლეს აქციის გამართვა, თუმცა ვაფასებთ რა აქციის წინმსწრებ მოვლენებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად, მოვუწოდებთ:
საქართველოს ხელისუფლებას:
• უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა და პატივისცემა;
საქართველოს პროკურატურას:
• დაუყოვნებლივ შეისწავლოს ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ქმედებები შესაძლო დანაშაულის, ადმინისტრაციული გადაცდომისა თუ დისციპლინური დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით; მათი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
• თუ გამოვლინდება, რომ პოლიციელები მოქმედებდნენ ზემდგომი პირების დავალებით, შესწავლილ იქნეს ამ დავალების შესაბამისობა კანონთან და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ზემდგომი პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები;
• გაატაროს პრევენციული ზომები მომავალში პოლიციელთა მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელშეშლის აღსაკვეთად.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
იდენტობა
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge