2020 წლის 12 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. 2019 წლის 10-11 დეკემბერს, არასრულწლოვანი ლუკა სირაძე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური ზეწოლის, ჩვენების მიცემის იძულების ფონზე გამოიკითხა, რაც ტრაგიკული შედეგით დასრულდა. საია პირველივე დღიდან ჩართულია ლუკა სირაძის საქმეში და იცავს გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს.
ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე, ჩვენების მიცემის იძულების ფაქტზე გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს. ამ დროისათვის ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე გამოკვეთილია ერთი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა. 12 თებერვალს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე.
საია აქტიურად ეცნობა მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ წარდგენილ ბრალდებას (განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება) ამყარებს არაერთი მტკიცებულება. არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილებაში დარღვეული იყო ლუკა სირაძის უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესები. საია განაგრძობს საგამოძიებო ორგანოსთან აქტიურ კომუნიკაციას სხვა პოლიციელების სისხლისსამართლებრივი პასუხისგებლობის გამოკვეთის მიზნით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge