[ფოტო: რადიო თავისუფლება]
11 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. 2008 წლის აგვისტოს ომმა უმძიმესი შედეგები მოუტანა ქვეყანას. მიუხედავად ამისა, დღემდე არ მომხდარა მართლმსაჯულების აღსრულება, დამნაშავე პირთა დასჯა და დაზარალებულთათვის სამართლიანობის და მათი უფლებრივი მდგომარეობის აღდგენა.
2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. მათ მიმართ ადგილი ჰქონდა სერიოზულ და მასობრივ დარღვევებს, მათ შორის, ეთნიკურ წმენდას კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი პირების მიმართ, სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, გაუჩინარების, უძრავი ქონების მასობრივი განადგურების, იძულებითი გამოდევნის, უკანონო პატიმრობის, ტყვეობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
აღნიშნულ აქტებს, რომლებიც ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს წარმოადგენს, ამჟამად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს. გამოძიებას მნიშვნელოვანი გამოწვევები ახლავს თან, მათ შორის, სასამართლოს საქმიანობისა და მიმდინარე გამოძიების შესახებ დაზარალებული თემისა და ფართო საზოგადოების აქტიური ინფორმირების ნაკლებობა, ომის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის გასვლა და რუსეთის უარი სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. აღნიშნული გამოწვევები შესაძლოა, დაბრკოლებას წარმოადგენდეს სრულყოფილი გამოძიების წარმოების, მიმდინარე პროცესში დაზარალებულთა ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფის და სამართლიანობის აღსრულების კუთხით. გამოწვევები დეტალურად არის მიმოხილული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ ახლახანს გამოცემულ ანგარიშში - „ათი წელი აგვისტოს ომიდან - დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“.
აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგაც დაზარალებული ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალ პრობლემას აწყდებიან, ხოლო სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები არასაკმარისია მათი პირობების გასაუმჯობესებლად. სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში - ამ კუთხით მათ შორის, აღსანიშნავია გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შეუძლებლობა, სამედიცინო სერვისების უქონლობა, საარსებო წყაროების და განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.
აგვისტოს ომის შემდეგ მძიმე ვითარებაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სადაც ადამიანებს ყოველდღიურ შიშში უწევთ ცხოვრება რუსი და ე.წ. ოსი და აფხაზი მესაზღვრეების მხრიდან უკანონო დაკავებებისა და გატაცებების გამო. საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები უკვე რამდენიმე წელიწადია მასიურ ხასიათს ატარებს. ამასთან, განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან/და მის მიმდებარედ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ეთნიკურად ქართველების სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა:
- კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე, ეროვნულ დონეზე აწარმოონ ეფექტიანი გამოძიება და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი.
- გაატარონ სათანადო ღონისძიებები დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, თითოეული დასახლების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
ამავდროულად, აუცილებელია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამები დაზარალებულთა დახმარების მიზნით, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავის მხრივ:
- გააძლიეროს ცნობიერების ამაღლების კამპანიები სასამართლოს საქმიანობისა და მიმდინარე გამოძიების შესახებ დაზარალებული თემისა და ფართე საზოგადოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად,
- შეიმუშავოს სტრატეგია იმ გამოწვევების გამკლავების მიზნით, რაც აღნიშნულ გამოძიებას ახლავს თან და უზრუნველყოს სასამართლოს მანდატის ეფექტიანი განხორციელება დაზარალებულთათვის სამართლიანობის აღსასრულებლად.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge