სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარების ფარგლებში სტუდია ”მონიტორმა” მეორე საჩივარი წარადგინა ტელეკომპანიების წინააღმდეგ

“სტუდია მონიტორი” 2009-2010 წლის განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს, ტელეკომპანიების “რუსთავი 2” და “იმედის” მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების, დაცვაზე. რის შედეგადაც, გამოვლინდა არაერთი დარღვევა, რომლის თაობაზეც ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. შედეგად, კომისიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიებს სანქციის სახით მიეცათ გაფრთხილება რეკლამის წესების დარღვევისათვის.2011 წლის 7 მარტს “სტუდია მონიტორმა” განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.კანონის თანახმად კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა “ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.”

2011-03-09 15:01 სრულად ნახვა

საპარტნიორო ფონდის სააქციო საზოგადოების ფორმით დაფუძნება დაუშვებელია

2011 წლის 25 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა პირველი მოსმენით ის უკვე მიიღეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტი მას I მოსმენით ხვალ, 10:00 საათაზე განხილავს, პლენარულ სხდომამდე 1 საათით ადრე.საქართველოს მთავრობის ინიციატივა მდგომარეობს საპარტნიორო ფონდის სააქციო საზოგადოების ფორმით შექმნაში. აღნიშნული სააქციო საზოგადოება დაფინანსდება ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა: პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის წილების ან ფასიანი ქაღალდების გაყიდვა) და სხვა. ფონდის, როგორც მეწარმე სუბიექტის მიზანი მოგების მიღება კი არ არის, არამედ ისეთი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება, როგორებიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტების განსახელმწიფოებრიობა, ანუ პრივატიზაცია. საპარტნიორო ფონდის მთავარი საქმიანობა კერძო სექტორის მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა პროექტების დაფინანსება და მისი განხორციელებაა. საყურადღებოა ის, რომ კანონპროექტის თანახმად, ფონდში პროექტის განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო სამეურნეო სფეროში მინიმუმ 30 მილიონი  ლარი იქნება.

2011-03-08 07:32 სრულად ნახვა

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს

საქართველოს მთავრობის ინიცირებით, 2011 წლის 18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს არასაპატიმრო სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის  გამოყენების და მისი აღსრულების ახლებურ რეგულირებას.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება სახელმწიფოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავენ არასაპატიმრო სასჯელების სრულყოფილ ამოქმედებას. დღეს მოქმედი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მარეგულირებელი ნორმები ვერ უზრუნველყოფენ მექანიზმის ეფექტურობას. სწორედ აღნიშნული სახელდება ცვლილებების მთავარ მიზეზად კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც. ცალკეული დადებითი მხარეების გარდა, ინიცირებული კანონპროექტი ხასიათდება ისეთი მნიშვნელოვანი სისუსტეებით, როგორიცაა: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის არასრულყოფილი ცნება, მსჯავრდებულის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის შეუძლებლობა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ უსასყიდლო შრომის საფასურის მიღება, გასაჩივრების შეუძლებლობა და სასჯელთა ცვლილებისას ვადების გაანგარიშების ახალი წესით მსჯავრდებულის მდგომარეობის დამძიმება. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საიას მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ დასკვნაში აღინიშნა, რომ აუცილებელია კანონმდებელმა ნათლად განსაზღვროს, თუ რას წარმოადგენს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. უნდა გამოირიცხოს მისი გამოყენება რომელიმე საწარმოს მიერ მოგების მიღების მიზნებისათვის.

2011-03-07 14:47 სრულად ნახვა

3-დღიანი ტრენინგი და 22 დაჯილდოვებული ჟურნალისტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ (IREX), 2011 წლის 25-27 თებერვალს ჩაატარა ტრენინგი ჟურნასლიტებისთვის თემაზე:  "გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება საქართველოში - არსებული პრობლემები და მიმდინარე გამოწვევები".სემინარი ჩატარდა პროგრამის "ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას" (G-MEDIA) ფინანსური მხარდამჭერიs ფარგლებში.ტრენინგზე განხილული იქნა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სფეროში დღეს არსებული ყველა აქტურლუი საკითხი. კერძოდ, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო და კონსტიტუციურ სტანდარტები; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლები; ლიცენზირება (ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობა, ლიცენზიის სახეები, მაუწყებლების საკანონმდებლო ვალდებულებები);  მაუწყებელთა ქცევის კოდექსი; ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ ადმინისტრაციულ და სასამართლო პრაქტიკა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; პერსონალური მონაცემების სამართლებრივ რეგულირება და  მოსალოდნელ სიახლეები ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეებმა იმსჯელეს მათ რეალურ საქმიანობაში არსებულ პრაქტიკაზე და გამოვლენილ პრობლემებზე.სამდღიანი ტრენინგის დასასრულს მასში მონაწილე 22 ჟურნალისტი დაჯილდოვდა მონაწილეობის სერტიფიკატით.

2011-03-02 19:32 სრულად ნახვა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საიას დაცვის ქვეშ მყოფი ქართველი ტყვეები გაათავისუფლა

2011 წლის 21 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სხვადასხვა დროს დაკავებული შვიდი ეთნიკურად ქართველი პირი გაათავისუფლეს.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა (SRJI) ხუთი მათგანის – ზვიად კობალაძის, დემურ ჭიღლაძის, დავით კაპანაძის, ბექა და ვაჟა თაყაძეების ინტერესებს ევროპის ადამიანის უფლებათა (სტრასბურგის) სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოადგენს.ბექა და ვაჟა თაყაძეები 2010 წლის თებერვლის თვეში გორის რაიონის სოფელ კირბალში, სანადიროდ წასულები, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა ოსმა პირებმა დააკავეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მათ ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა ჯგუფურად ედებოდათ. ცხინვალის ციხეში მათ ერთი წელი გაატარეს.

2011-02-22 14:15 სრულად ნახვა

საიამ პარლამენტს სამ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები წარუდგინა

2011 წლის 4 თებერვალს, პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ იქნა კანონპროექტი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”. შემოთავაზებული ცვლილებებით გამარტივებული შესყიდვის გამოყენების ფარგლები მნიშვნელოვნად იზრდება. საიამ უარყოფითად შეაფასა კონკრეტული შემსყიდველებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) გამარტივებული შესყიდვების ფარგლების დაუსაბუთებელი გაფართოება და შემსყიდველ სუბიექტთა წრის გაზრდით კანონის მოქმედების სფეროდან ახალი გამონაკლისების გაკეთება. ამასთან, საიამ მოუწოდა პარლამენტის წევრებს ისეთი მოქმედებების განხორციელებისკენ, რომლებიც არ დაუშვებენ კანონმდებლობაში არსებული მექანიზმების გაუარესებას. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=525).

2011-02-18 06:00 სრულად ნახვა

ჰილარი კლინტონის ინიციატივით გამართული ვიდეოკონფერენციის ფარგლებში საიას შეკითხვას უპასუხეს

კონფერენციაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ინიციატივით 16 თებერვალს გაიმართა 50 ქვეყნის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მთელი მსოფლიოდან წინასწარ გაგზავნილი ასობით შეკითხვიდან კონფერენციის ორგანიზატორებმა მხოლოდ ოთხ კითხვას უპასუხეს. ამ ოთხი პასუხიდან ერთ-ერთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის შეკითხვას ეხებოდა.კითხვა ეხებოდა საქართველოში ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული განვითარების თავსებადობას, კერძოდ, საიამ რჩევა ჰკითხა სახელმწიფო დეპარტამენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ ეკონომიკური განვითარების მიზეზით არ შეფერხდეს და ეჭვქვეშ არ დადგეს კანონის უზენაესობა."თუ არ გექნებათ კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობისა და ეკონომიკური განვითარების კომბინაცია, თქვენ ვერ მიაღწევთ მდგრად ეკონომიკას", - ასეთი იყო ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების პასუხი.

2011-02-17 09:28 სრულად ნახვა

საიამ ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო!

2011 წლის 15 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა (სტრასბურგის) სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება საქმეზე ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ (საქმე # 35403/06). სასამართლომ დადგენილად ცნო მოპასუხე სახელმწიფოს (საქართველოს) მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, ვინაიდან 2005 წელს ზურაბ ცინცაბაძის ციხეში გარდაცვალების ფაქტზე არ ჩატარდა დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური გამოძიება. ზურაბ ცინცაბაძეს მისჯილი ჰქონდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2005 წლის 6 ივლისიდან სასჯელს იხდიდა ხონის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2005 წლის 30 სექტემბერს ზ. ცინცაბაძე ჩამოხრჩობილი იპოვეს ციხის საკუჭნაოში. გამოძიების ვერსიით ზ. ცინცაბაძემ თვითმკვლელობა ჩაიდინა, თუმცა, გარდაცვლილის დედა ამტკიცებდა, რომ ის მოკლული იქნა ციხეში ე.წ. “ობშიაკის” ვალის გამო. ევროპის სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზ. ცინცაბაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და ჩატარებული იქნა არაერთი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დაშვებული იქნა სერიოზული ხარვეზები და უზუსტობები, რის გამოც ბევრი შეკითხვა ზ. ცინცაბაძის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე პასუხგაუცემელი დარჩა.

2011-02-16 10:30 სრულად ნახვა

საია პარლამენტს რეკომენდაციებით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს რიგ კანონპროექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები წარუდგინა. კერძოდ:“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც კანონმდებლობის დაზუსტებას ისახავს მიზნად, საია დადებითად აფასებს. აღნიშნული შეეხება თანამდებობის პირთა ჩამონათვალში “სახელმწიფო მინისტრისა და მისი მოადგილის” დამატებას. ამასთან, საიამ რეკომენდაციით მიმართა პარლამენტის წევრებს, რათა მოხდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მასთან გათანაბრებული პირების მიკუთვნება თანამდებობის პირებისთვის. (საიას მიერ მომზადებული დასკვნის სრული ტექსტი: http://gyla.ge/legislature/?formm=3&da_index=520).

2011-02-15 06:00 სრულად ნახვა

საქართველოს ეროვნული პლატფორმა დღეისთვის 75 ორგანიზაციას აერთიანებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის ჩამოყალიბდა 2010 წლის 13 ნოემბერს. დღეისთვის ის 75 ქართულ და საქართველოში დარეგისტრირებულ საერთაშორისო სამართლებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფუნქციებში შედის აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში; რეკომენდაციების მიწოდება საქართველოს მთავრობისა და ევროპის კომისიისთვის.

2011-02-14 09:31 სრულად ნახვა